ხელისუფლება და ოპოზიცია

რატიანი: მთავარი მადესტაბილიზირებელი ფაქტორი ქართული ოცნება და ივანიშვილია

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი ეხმაურება შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებას, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს უკრაინის მსგავს არეულობას ქვეყანაში. რატიანი თვლის, რომ ასეთი განცხადებები უხერხულია და დღეს ქვეყანაში მთავარი მადესტაბილიზირებელი ფაქტორი ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია.

"დღეს მთავარი მადესტაბილიზირებელი ფაქტორი არის ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი. ნებისმიერი არეულობა და დაპირისპირება მოდის მაგათგან. გარდა ამისა, როდესაც შს მინისტრი, როგორც თავის წინამორბედი, აცხადებს ამას, ის თავს იანუკოვიჩს უიგივებს და საქართველოს მთავრობის იანუკოვიჩიზაცია გრძელდება. ეს არის უხერხული და არც არავინ დარჩა ამ მთავრობაში, რომ აუხსნას, რომ ეს არის უხერხული. მაგალითად, ირაკლი ალასანია რომ ყოფილიყო, უჩურჩულებდა მაინც, რომ ეს არის უხერხული. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ის, როგორც იანუკოვიჩი, იცავს საქართველოში რუსეთის ინტერესებს და დგას ამ ინტერესების სადარაჯოზე. ეს არის უხერხული და იმიჯის შემლახავი საქართველოსთვის", - თქვა რატიანმა.

მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე გომელაურმა პირველად გაზეთ კვირის ქრონიკასთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ახლაც არის ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დესტაბილიზაციაზე, თუმცა ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. მანამდე ქვეყანაში არეულობას შს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პროგნოზირებდა.

კომენტარები