ზურაბ ჟვანია საქმე

გვარამიასა და ლაზარიას აღკვეთის ღონისძიებად 3-3 ათასლარიანი გირაო შეეფარდათ

ზურაბ ჟვანიას საქმეზე სასამართლომ ყოფილ მთავარ პროკურორს აღმკვეთი ღონისძიების სახით 3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.მსგავსად გირაო შეეფარდა ასევე სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს, როსტომ ლაზარიასაც.

მამუკა გვარამია და როსტომ ლაზარია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. პროკურატურა ორივე პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.

გვარამიამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ბრალდება პოლიტიკურადაა მოტივირებული.

"მათ უნდოდათ ჩემი დაკავება რამდენიმე დღის წინ. სასამართლომ უარი განუცხადა. ახლა აქვთ მეორე მცდელობა. მე პარტიის წევრი არასდროს ვყოფილვარ და პოლიტიკური განცხადებები არ მქონია. მე ვხედავ დღეს, რომ ჩემი საქმე, ჩემი სახელი, ჩემი წარსული ხდება პოლიტიკური იარაღი პროკურატურის ხელში. ეს ყველაფერი ფალსიფიცირებულია. რასაც მე მედავებიან, თვითონ აქვთ ჩადენილი," - აღნიშნა მამუკა გვარამიამ.

მამუკა გვარამიას და როსტომ ლაზარიას ბრალდება წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 369-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე ვადით.

კომენტარები