ე.წ. კორტების საქმე

წულუკიანი: ირაკლი ფირცხალავას გარეთ ყოფნა დაუშვებელი იქნებოდა

news.ge
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, "ასეთი ადამიანის და ასეთი ბრალდებულის გარეთ ყოფნა, როგორიც ირაკლი ფირცხალავაა, იქნებოდა დაუშვებელი". წულუკიანი ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მიესალმება.
 
"ეს ეხება ყველას, ვინც დღეს განწესდა წინასწარი პატიმრობის სახით ციხეში. სიცოცხლის დაცვისკენ მიმართული ის მემორიალი გარეთ მყოფ ფირცხალავას არ მოსწონდა. მას ჩემთვისაც შემოუთვლია მუქარა, მაგრამ ჩემი მხრიდან მინდა დავპირდე საზოგადოებას - მემორიალი იდგება იქ, სადაც დგას, რომ ჩვენი შვილები სახელმწიფოს ხელით არასდროს აღარ მოკლან", - თქვა წულუკიანმა.
 

ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. დაცვის მხარე დაკავებული ყოფილი პოლიციელებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კორტების საქმე გახსნილად 2 თებერვალს გამოაცხადა და 11 პირი დააკავა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, ე.წ. კორტების სპეცოპერაცია ირაკლი ფირცხალავას უშუალო ხელმძღვანელობით, ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ პირადი დაინტერესების მოტივით დაიგეგმა. 

დაკავებულები არიან პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები - ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე, ლევან ბეროძე, კახაბერ ნაკანი, გიორგი გულბიანი, ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმის 6 წევრი. კიდევ ერთ პირზე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანზე, გრიგოლ კვინიკაძეზე კი ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანეს, რადგან კვინიკაძე ამ ეტაპზე საქართველოში არ იმყოფება. 

 

კომენტარები