ე.წ. კორტების საქმე

ნინო ხვიტია: შესაძლოა, კორტების საქმეზე დაკავებულთა სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას

რუსთავი 2

ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, ნინო ხვიტია, არ გამორიცხავს, რომ ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებულ პოლიციელების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.

„ყოველივე იმის შემდეგ, რაც მოხდა ამ ქვეყანაში, მოლოდინის რეჟიმში ვარ ყველანაირი უპასუხისმგებლო, ყველანაირი დისკრიმინაციული ნაბიჯების. უფრო მეტიც, ღმერთმა არ ქნას, რომ დადგეს ჩემი მეუღლის და მისი მეგობრების სიცოცხლის საფრთხის საკითხიც, რაც სამწუხაროდ, აქამდე არაერთხელ განხორციელდა“, - თქვა ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ გადაცემა არჩევანში.

ნინო ხვიტიას აზრით, პროკურატურა ფაქტების მიჩქმალვით არის დაკავებული, ხელისუფლება კი ცდილობს კრიმინალური ქმედებების რეაბილიტაციას, რადგან პოლიტიკური ვალდებულება გაისტუმროს.

„პოლიტიკური ვალდებულებების შესრულება, ნებსით თუ უნებლიედ, გახდა ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ძალიან მთავარი პრიორიტეტი, რომ გაესტუმრებინათ პოლიტიკური ვალდებულება, რომელიც წარმოდგენილი იყო აწ განსვენებული პირისგან. პროკურატურის მხრიდან ფაქტები არის მიჩქმალული და ადგილი აქვს ძალიან მძიმე კრიმინალური ქმედებების რეაბილიტაციას და რეანიმაციას. ვგულისხმობ კონკრეტულად იმ თემას, რის საფუძველზეც ჩემს მეუღლეს და მის მეგობრებს ბრალი აქვთ წაყენებული“, - ამბობს ნინო ხვიტია.

ირაკლი ფირცხალავას მეუღლე თვლის, რომ ე.წ. კორტების საქმეზე პოლიციელების დაკავება სამართლებრივად გაუმყარებელი ცრუ მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა და ეს ყველაფერი მხოლოდ ისეთ ქვეყნებში ხდება, სადაც პოლიცია კნინდება და კრიმინალი კანონდება.

„ ეს არის დაკვეთა, დავალების საოცრად მოკლე ვადებში  შესრულების, რომელიც ემყარება ცრუ სამართლებრივად გაუმყარებელ მტკიცებულებებს. ის რაც დღეს ქვეყანაში მოხდა ეს არის ისეთი მძიმე ფაქტი რომელიც არცერთ ცივილურ ქვეყანაში არ ხდება, თუ არ ჩავთვლით მესამე სამყაროს ქვენებს, სადაც არ არის დაცული პოლიცია, ის კნინდება და ხდება კრიმინალის დაკანონება“, - თქვა ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ.

კომენტარები