შსს-ს კანონპროექტი

რელიგიათა საბჭო: დაუსჯელობის პირობებში შსს-ს კანონპროექტი კითხვებს აჩენს

რელიგიათა საბჭო
tolerantoba.ge

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ შუღლის გაღვივების წინააღმდეგ კანონპროექტს განცხადებით ეხმაურებიან. 17 რელიგიური ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არსებობს რისკი, კანონპროექტი, კანონად ქცევის შემდეგ, განსხვავებული პოზიციის ჩამხშობ ბერკეტად იქცეს.

"სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები, ვეხმაურებით მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონის პროექტს, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად აცხადებს მოწოდებას შუღლის გაღვივების მიზნით.

რელიგიათა საბჭოს წევრების საერთო მიზანი და თანამშრომლობის საფუძველი, საქართველოში ადამიანის უფლებების, რელიგიის თავისუფლების დაცვის ხელშეწყობაა. აღნიშნული მოიცავს, როგორც გამოხატვის თავისუფლების, ასევე რელიგიის თავისუფლების დაცვას, იმგვარად, რომ ერთი მეორესთან არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში.

ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, შუღლის ენის გამოყენებას, სიძულვილის გამოხატვას; ჩვენ ვგმობთ დაპირისპირებასა და განხეთქილების ჩამოგდების მცდელობებს სხვადასხვა იდენტობის ჯგუფებსა და ადამიანებს შორის, მით უფრო, რომ წლების განმავლობაში, რელიგიური უმცირესობები ხშირად გავმხდარვართ შეუწყნარებელი და დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი.

მაშინ, როდესაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვან შრეზეა პრობლემა, როდესაც დაუსჯელია დისკრიმინაციის, რელიგიის ნიადაგზე დევნის, რიტუალების აღსრულებისთვის ხელის შეშლის, შეკრების თავისუფლების შეზღუდვის მრავალი შემთხვევა და როდესაც ამ ტიპის დანაშაულზე რეაგირების კუთხით სახელმწიფო მეტად პასიურ პოზიციას იკავებს, ხსენებული კანონის პროექტი ჩვენში არაერთ შეკითხვას ბადებს.

ამდენად, აღნიშნული ნორმის ინიცირების მიზნების, მოტივაციისა და საერთო კონტექსტის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, სავსებით ლეგიტიმურად მივიჩნევთ შემდეგი შეკითხვების დასმას:

1) რამდენად დაზღვეულნი ვართ იმისგან, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ინიციატივა, ქვეყანაში ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობის, კანონის უზენაესობის, უსაფრთხოების დაცვასა და განმტიკიცებას მოემსახურება, ქართული საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს და მხოლოდ ამ ფასეულობათა სულისკვეთებით იქნება აღქმული და ინტერპრეტირებული სახელმწიფოს მხრიდან.

2) იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი შეიტანს აღნიშნულ ნორმას სისხლის სამართლის კოდექსში, არსებული სოცილური და რელიგიული ფონიდან გამოდინარე, ხომ არ ჩნდება რისკი, რომ იგი სწორედ უმცირესობების, განსხვავებული პოზიციების გამოხატვის, რელიგიასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე დისკუსიის წარმართვის ხელისშემშლელ და ჩამხშობ ბერკეტად იყოს გამოყენებული.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ, რელიგიათა საბჭოს წევრები გამოვხატავთ სურვილს წარმოდგენილი კანონის პროექტის გარშემო გაიმართოს ფართო დისკუსია, ღრმად და ყოვლისმომცველად გაანალიზდეს მსგავსი კანონის მიღების მიზანშეწონილობა და მასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო რისკი", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

 

  1. ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია
  2. საქართველოს ებრაელთა კავშირი
  3. ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველო
  4. ქართველ მუსლიმთა კავშირი
  5. ეზიდთა სასულიერო კრება
  6. ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია
  7. სახარების რწმენის ეკლესია
  8. მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია
  9. წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  10. საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
  11. ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
  12. ქრისტიანული მოძრაობა „ხსნის არმია“
  13. კრიშნას ცნობიერების საზოგადოება
  14. ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი
  15. სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში
  16. ქრისტიანულ-პროტესტანტული ეკლესია „ქრისტეს ეკლესია“
  17. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში

კომენტარები