ე.წ. კორტების საქმე

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილ მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დიღმის მთავარ სამმართველოში მისი ადვოკატი დავით ხაჟალია იმყოფებოდა, რომელიც აცხადებს, რომ კვალიფიკაცია იგივეა, რაზეც ბრალდება გუშინ საუბრობდა - განზრახ მკვლელობა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ორგანიზება.  

ბრალი უკვე წარედგინათ სხვა დაკავებულებსაც. გიორგი ცააძისა და ლევან ბეროძის ადვოკატი ინგა სეხნიაშვილი აღნიშნავს, რომ დაკითხული ხალხის სიაში არიან დღემდე მოქმედი მაღალჩინოსნები. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მათ ეს ჩვენებები გამოძიებას თანამდებობების შენარჩუნების მიზნით მისცეს.

ადვოკატებს საქმის მასალებს პროკურატურაში დღის მეორე ნახევარში გადასცემენ.

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კორტების საქმე გახსნილად გუშინ გამოაცხადა და 11 პირი დააკავა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, ე.წ. კორტების სპეცოპერაცია ირაკლი ფირცხალავას უშუალო ხელმძღვანელობით, ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ პირადი დაინტერესების მოტივით დაიგეგმა. 

დაკავებულები არიან პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები - ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე, ლევან ბეროძე, კახაბერ ნაკანი, გიორგი გულბიანი, ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმის 6 წევრი. კიდევ ერთ პირზე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანზე, გრიგოლ კვინიკაძეზე კი ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანეს, რადგან კვინიკაძე ამ ეტაპზე საქართველოში არ იმყოფება. 

კომენტარები