მილიონი ხის დაპირება

არსებული ტემპით მილიონი ხის დარგვას მერია 28 წელს მოანდომებს

დავით ნარმანია
ici.ge

ტაბულას კითხვას, როგორ მიმდინარეობს დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირების აღსრულება, რომლის მიხედვითაც თბილისში 1 მილიონი ხის დარგვა იყო დაგეგმილი, მერიის პრესსამსახური პასუხობს, რომ გასულ წელს თბილისში 35 ათასი ხე დარგო, ხოლო მომავალ წელს 54 ათასის დარგვა იგეგმება.

"გასულ შემოდგომაზე მერიამ 19 500 ხე დარგო, 15 500 ხე კერძო სექტორმა დარგო მერიის მიერ მითითებულ ტერიტორიებზე, თბილისში 2015-ში მთელი წლის განმავლობაში დაირგვება კიდევ 54 000 ხე, მთელი წლის განმავლობაში 400 000 ძირი დენდრო პარკში უნდა დაირგას და ამ 400 000-დან 150 000 ნერგი პარკში უკვე გაზაფხულზე დაირგვება, რისთვისაც ორმოების ამოღება მალე დაიწყება", - განუცხადეს ტაბულას მერიის პრესსამსახურში.

დავით ნარმანიამ წინა წელს განაცხადა, რომ 1 მილიონი ხის დარგვა რეალისტურია.

"ჩვენ არ ვპირდებოდით ამომრჩეველს ისეთ რამეს, რაც კანონმდებლობით თბილისის უფლებამოსილება არ არის, ან რომლის განხორციელებასაც ფინანსურად ვერ შევძლებდით. ჩვენ ყველა რეალური და ობიექტური წინასაარჩევნო პროგრამა დავდეთ. ეს შეეხება 1 მილიონი ხის დარგვასაც, ეს რეალურია აბსოლუტურად, ეს პუნქტი გავლილია მეცნიერებთან შესაბამისი გაანგარიშებებით", - აცხადებდა მაშინდელი მერობის კანდიდატი.

თუკი მერიამ ყოველწლიურად იმდენი ხე დარგო, რამდენიც შარშან, მილიონი ხის დარგვას 28 წელი დასჭირდება. ხოლო იმავე ტემპით 2030 წლისთვის დასახული გეგმის შესასრულებლად წელიწადში 65000 ხე უნდა დაირგოს.

კომენტარები