ოკუპირებული რეგიონები

ჯაფარიძე: მეეჭვება, ევროკავშირმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გახსნას რაიმე ოფისი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ინფორმაციის სიმართლეს აფხაზეთში ევროკავშირის ოფისის გახსნის შესახებ ეჭვქვეშ აყენებს. თუმცა, დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დადასტურდა, საქართველოს საგარეო უწყებასა და საელჩოებს სათანადო რეაგირება ექნებათ.

"ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მაქვს. რამდენად შეესატყვისება სიმართლეს, გაიხსნება თუ არა, ეს უკვე მეორე საკითხია. მე მეეჭვება, რომ ევროკავშირმა ოფიციალურად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გახსნას რაიმე ოფისი. ან ნებისმიერმა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ ან თუნდაც ნებისმიერმა ქვეყანამ. აქედან გამომდინარე, რასაც ავრცელებს დღეს აფხაზური მხარე, არ შეესატყვისება სიმართლეს.

რა თქმა უნდა, შეშფოთების საფუძველი არის. დარწმუნებული ვარ ჩვენი საგარეო უწყება, საელჩოები სათანადო ნაბიჯებს გადადგამენ და სათანადო რეაგირებას გააკეთებენ",-თქვა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჰერბერტ ზალბერი სოხუმში იმყოფებოდა, სადაც სოხუმის რეჟიმის ლიდერს, რაულ ხაჯიმბას შეხვდა. აფხაზური მედიის ცნობით, ზალბერმა ევროკავშირის მიერ აფხაზეთში ახალი პროექტების განხორციელებისა და სოხუმში ევროკავშირის ოფისის გახსნის სურვილი გამოთქვა. რაულ ხაჯიმბამ კი აღნიშნა, რომ ყველა პროექტი რეგიონში აფხაზეთის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.

"ევროკავშირი არ აღიარებს აფხაზეთს, მაგრამ არსებობს ევროკავშირის მზადყოფნა, აქ ვიმუშაოთ. ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ, განსაკუთრებით გალის რაიონში, სადაც ევროკავშირს აქვს რამდენიმე პროექტი, განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში, ვაპირებთ ეს განვავითაროთ.

საუბარია იმაზე, რომ დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში, გვაქვს გეგმები განათლების სფეროში, განსაკუთრებით უცხო ენების შესწავლის თვალსაზრისით, შესაძლოა, დროდადრო ჩამოვიყვანოთ ლექტორები აფხაზეთში ევროპული უნივერსიტეტებიდან", - განაცხადა ზალბერმა.

კომენტარები