ლარის კურსის დაცემა

აგულაშვილი: ლარი და ქართული ეკონომიკა ადეკვატურად რეაგირებს გარემო ვითარებაზე

ტაბულა

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის შეფასებით, "ლარი და ქართული ეკონომიკა ადეკვატურად რეაგირებს იმ გარემო ვითარებაზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ". ამის შესახებ აგულაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადების შეფასებისას თქვა, რომლის მიხედვითაც, "ლარი მოგონილი თემაა, მოსახლეობას ტვირთად არ აწევს, მათ არ იციან კაპიტალის დაბანდება". 

"საუბარი იმაზე, რომ ფასები გაიზარდა მედიკამენტებზე და ასე შემდეგ, არის უზუსტობა და ნახევრად სიმართლე, რადგან ფასი გაიზარდა მედიკამენტების მხოლოდ ათ პროცენტზე ანუ იმ ნაწილზე, რომელიც შემოდის დოლარის ბაზრიდან. ლარის კურსის მერყეობა და დაცემა სხვა პროდუქტზე არ ასახულა და იმედი მაქვს, არც აისახება, რადგან დოლარი მართლა მყარდება სხვა ბევრ ვალუტასთან მიმართებით, მათ შორის, ჩვენი ძირითადი სავაჭრო ქვეყნები ვინც არიან, მათ ვალუტასთან მიმართებითაც. ბუნებრივია, რომ ეს პროცესი აისახება ლარზე, ეს არის ის პროცესი, რომელსაც წინ ვერ აღუდგებოდა ვერც ერთი ხელისუფლება" - აცხადებს აგულაშვილი და აღნიშნავს, რომ "პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, არ არის ხელოვნური". 

"რა თქმა უნდა, არსებობს შიდა ფაქტორებიც, მაგრამ არსებობს ეგზოგენური გარე ფაქტორები. ვერ ავცდებოდით იმ გავლენას, რაც ამ საკმაოდ გაჭიანურებულ რუსეთ-უკრაინის ომს, და არამხოლოდ კონფლიქტს, აქვს. რა თქმა უნდა, ეს აისახება თუნდაც საექსპორტო პოტენციალის შემცირებაში. შემცირდა ტურისტების რაოდენობაც, ვის ეტურისტება ან ვის ემოგზაურება, როცა ქვეყანაში ასეთი ვითარებაა" - განაცხადა აგულაშვილმა.

გადაცემა თეორემას წამყვანმა პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეს შეახსენა, რომ ტურისტთა ნაკადი თურქეთიდანაც შემცირდა 10%-ით.

"მე არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი. რადგან ძირითადად, როგორც კვლევები აჩვენებენ, სახმელეთო ტურიზმით ჩვენი მეზობლები სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი აქტიურად სარგებლობენ, საქართველოში საკმაოდ დიდი ნაწილი მათგან შემოდის. თუ ასეთი შემცირებაა ათპროცენტიანი, სანახავია, რა პერიოდშია და პასუხია გასაცემია. თუ რამე შემაფერხებელია შიდა ფაქტორდან გამომდინარე, სასწრაფოდ ზომებია მისაღები" - განაცხადა აგულაშვილმა. 

კომენტარები