ახალი ტექნოლოგიები

Apple-მა გასული წლის ბოლო კვარტალში გაყიდვების რეკორდი მოხსნა

Justin Sullivan / Getty Images

2014 წლის ბოლო კვატრალში Apple-მა კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი კვარტალური შემოსავალი ნახა - სამი თვის განმავლობაში $18 მილიარდი გამოიმუშავა. აღნიშნული რაოდენობის გაყიდვები აქამდე ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელ არცერთ კომპანიას არ ჰქონია. Apple-მა ისეთი კომპანიების საუკეთესო მაჩვენებლებსაც გადააჭარბა, როგორიცაა Gazprom-ი, რომელმაც 2011 წლის ბოლო კვარტალში $16 მილიარდი გამოიმუშავა. კომპანიამ General Motors-ის გაყიდვებსაც გაუსწრო.

Apple-ის წარმატება საახალწლოდ iPhone 6-ის გაყიდვების გაზრდამ გამოიწვია. კომპანიის შემოსავლების ძირითადი ნაწილი სწორედ iPhone 6-ის გაყიდვებიდან გენერირდება. Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის ტიმ კუკის თქმით, მათ პროდუქტებზე მოთხოვნა იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ისინი ვარაუდობდნენ. CNN-ის ცნობით, კომპანია ყოველ საათში 34,000 iPhone 6-ს ყიდდა. 

მოთხოვნა Apple-ის წარმოებულ სხვა პროდუქტებზეც არის გაზრდილი. კომპანიამ გასულ კვარტალში 5,5 მილიონი iMac-ი გაყიდა, რაც ასევე რეკორდს წარმოადგენს.

 

კომენტარები