ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-მ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა - 36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კრიზისიდან გამოსვლის კომპლექსური გეგმა შეიმუშავა, სახელად "36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის". გეგმის ძირითად პუნქტებზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა და ჟურნალისტებს ის ნაბიჯები გააცნო, რაც საქართველოს მთავრობამ კრიზისიდან გამოსასვლელად უნდა მოიმოქმედოს. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა თავს ვერ ართმევს ქვეყნისთის მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებას, მათ შორის ეკონომიკის ზრდის ტემპის უზრუნველყოფას, ლარის კურსის შენარჩუნებას და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს. მას არ გააჩნია ქვეყნის განვითარების ხედვა და არ შეუძლია შექმნილი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა.

"ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის ორნახევარი წლის თავზე, ქვეყანაში სახეზეა პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციონალური კრიზისი და ქვეყნის არაფორმალური მართვა. საბოლოოდ ნათელი გახდა, რომ მთავრობა თავს ვერ ართმევს ისეთი ამოცანების შესრულებას, როგორიც არის ეკონომიკის ზრდის ტემპის უზრუნველყოფა, ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაოების შექმნა, ბიუჯეტის შესრულება, მოსახლეობის წინაშე მდგომი სოციალური პრობლემების მოგვარება, კრიმინალთან ბრძოლა, გახშირებული ოჯახური ძალადობა, ქალებისა და უმცირესობების მიმართ ძალადობის პრევენცია, დამნაშავეთა დასჯა და უსაფრთხო საზოგადოებრივი გარემოს შენარჩუნება. ქვეყნის წინაშე მდგარ საგარეო გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება.

მთავრობა დაკავებულია ფუნდამენტალისტური ჯგუფების ძალადობისა და დაუსჯელობის სინდრომის წახალისებით და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის დევნით, რის შემდეგადაც ქვეყანაში გაჩნდა არაერთი პოლიტპატიმარი. აშკარაა, რომ ქართული ოცნების მთავრობას არ გააჩნია ქვეყნის განვითარების ხედვა და არ შეუძლია შექმნილი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეიმუშავა კრიზისიდან გამოსვლის კომპლექსური გეგმა - "36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის", რომელიც ეფუძნება დაგროვილ გამოცდილებასა და მიღწეულ შედეგებს, ისევე როგორც დაშვებული შეცდომებისა და დღევანდელი პრობლემების ანალიზს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ეკონომიკის ამუშავების თვალსაზრისით პრინციპულად მნიშვნელოვანია შემდეგი ნაბიჯები გადაიდგას:

"შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი 20-დან 15 პროცენტამდე;

შემცირდეს დამატებითი ღირებულების გადასახადი 18-დან 16 პროცენტამდე;

გაუქმდეს აქციზის გადასახადი საწვავზე, ბენზინზე, დიზელზე, ისევე როგორც ბუნებრივ აირზე.

გადასახადების შემცირებასთან ერთად მნიშვნელოვანია ამუშავდეს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:

დასრულდეს თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელიც განტვირთავს ქალაქს და დაასაქმებს 6000-ზე მეტ ადამიანს;

განახლდეს ანაკლია-ლაზიკის პორტის მშენებლობა, რომელიც რეგიონული ჰაბის ფუნქციას შესძენს ქვეყანას და დაასაქმებს დაახლოებით 7 ათას ადამიანს;

აშენდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ლოგისტიკური ცენტრები ახალციხეში, რუსთავში, ქუთაისსა და ფოთში, როგორც ეს იგეგმებოდა წინა ხელისუფლების დროს, რაც დაასაქმებს 10 ათასზე მეტ ადამიანს.

დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:

პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს რეგიონული პროპორციული საარჩევნო სისტემა;

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, სუს-ი და მსგავსი სტრუქტურები უნდა გაუქმდეს და შსს-ს ცალკეული სტრუქტურების ფუნქციები კანონით უნდა გაიწეროს დეტალურად, ეს ხელს შეუწყობს სამართალდამცავი სისტემის დეპოლიტიზაციას და მასზე სამოქალაქო კონტროლის დაწესებას;

უნდა განხორციელდეს მთავარი პროკურორის პარლამენტის მიერ დანიშვნა, რაც ხელს შეუწყობს პროკურატურის დეპოლიტიზაციას და გამორიცხავს არაფორმალურ მმართველობას.
უნდა ამოქმედდეს მოწმეთა დაკითხვის, მხოლოდ მოსამართლესთან დაკითხვის წესი;

უნდა განხორციელდეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულფასოვანი ამუშავება, რაც ამ ეტაპზე გულისხმობს მის ამოქმედებას ყველა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში".

ჯაფარიძის თქმით, აღნიშნული საკითხები არ მოიცავს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ყველა საკითხს და ენმ განაგრძობს მუშაობას ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე.

კომენტარები