ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედთან სატელევიზიო ინტერვიუში ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზეც ისაუბრა. ივანიშვილის თქმით, თუ ნაციონალური მოძრაობა ხალხის "წამოკიდებას" მოახერხებს, ამას მთავრობა ვერ გაუძლებს.
"მთავრობა არის ასეთი, როგორიც არის, ვინც იჭერს ამ სიტუაციას. არაფერ სასწაულს არ ახდენს, არავითარ ვარსკვლავს არ წყვეტს არცერთი, არც მე ჩემი მეთაურობით, თუ გნებავთ, როდესაც მთავრობაში ვიყავი, არაფერ სასწაულს არ ვაკეთებდი. მთავარია, ვიცავდი კონსტიტუციას, ასევე ხდება ახლაც, იცავენ კანონებს და ასრულებენ საკუთარ ფუნქციებს.
დანარჩენს საზოგადოების მზაობა განსაზღვრავს ყველაფერს. თუ საზოგადოებას წამოიკიდებენ, უკაცრავად ამ სიტყვაზე, წამოიკიდებენ და ცდილობენ კიდეც, მთავრობა ვერ გაუძლებს. ძალიან ცდილობენ, აი აგიტმანქანა, სიცრუის მანქანა მუშაობს, ყველაზე მძლავრად და მძაფრად - რუსთავი 2.
საუბედუროდ, ბევრი სხვა მედიაც აძლევს ამას ფონს და უწყობს ხელს, მაგრამ გარდა იმისა, რომ ნერვიულობს საზოგადოების ბევრი წევრი, არაფერი რეალური არ ჩანს და არც გამოჩნდება", - თქვა ექსპრემიერმა.
ივანიშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა ძაბავს საზოგადოებას და ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის.
"ეს პროცესები, რა თქმა უნდა, ცუდია და ძალიან ძაბავს საზოგადოებას. ხელს უშლის და აფერხებს თუ გნებავთ ეკონომიკის განვითარებასაც. მაგრამ უნდა გადავიტანოთ ესეც და გადავიტანოთ სწორედ ასეთი ფორმით.
ნურავის ნუ აქვს იმის განცდა და სურვილი, რომ უნდა დავეტაკოთ ეხლა, ვიღაცები უნდა დავიჭიროთ, ჩავყაროთ ან პასუხი ვაგებინოთ. დაველოდოთ სასამართლოს, დაველოდოთ პროკურატურას და შევეჩვიოთ, რომ ჩვენი საზოგადოების წევრები შეიძლება იყვნენ ისეთნი, როგორიც არის დღეს ნაციონალური მოძრაობა. მათ აქვთ უფლება იცრუონ, მაგრამ ჩვენ ეს სიცრუე არ უნდა ვჭამოთ, უკაცრავად, და არ უნდა მივიღოთ.
უნდა ვისწავლოთ, შევეგუოთ და შევეჩვიოთ ამას. სხვა დანარჩენი, ყველა სოფელს ჰყავს თავისი ერთი გიჟი, ასე იტყვიან. კი ბატონო, არის, და კარგი მაგალითიც არის, გავიზარდოთ მათზე.
ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, ჩვენ ვალდებულნი ვართ მათ ანგარიში გავუწიოთ, ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ ამ ქვეყანაში ეცხოვრებოდეთ და კარგი იქნება, თუ სასარგებლო შრომას გასწევენ და საზოგადოების განვითარებაზე იზრუნებენ სიცრუის ნაცვლად და ესეც ჩვენ უნდა ვეცადოთ, ესეც ჩვენი ვალია, ვისაც ხელგვეწიფება და ვისაც შეგვიძლია, რომ ისინი უფრო ეფექტური წევრები გახდნენ ჩვენი საზოგადოების", - განაცხადა ივანიშვილმა.





