ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: მომწონს ნარმანიას მეთოდურობა, თუგინდ მისი ინერტულობაც კი

ბიძინა ივანიშვილი

ნარმანიამ უნდა გაითვალისწინოს ქართული ხასიათი და თბილისური განსაკუთრებით, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა.

"მე თავშივე ვთქვი, როდესაც ნარმანია დავასახელე და გამოვაცხადე, რომ მერის კარგი კანდიდატი იქნებოდა. მე ვფიქრობ, რომ არ შევმცდარვარ. ის მეთოდურობა, რაც მას ახასიათებს, პროფესიონალიზმი, რაც მას ახასიათებს, ვერ მოვიდა მთლიანად შეწყობაში თბილისის მერობასთან, დასაწყისში განსაკუთრებით, ამავდროულად, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ცდილობდა მისთვის საბოტაჟი მოეხდინა და ა.შ.", - თქვა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ნარმანიას მუშაობაც შეაფასა და განაცხადა, რომ საზოგადოება მისი მუშაობის მეთოდებს უნდა შეეგუოს.

"რაღაც ეტაპზე თქვენც ამჩნევდით და საზოგადოებაც, რომ მას გაუჭირდა. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ. ნარმანია თავისთავად, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და მაქსიმალურად ეცადოს განახორციელოს ის ფუნქციები, რაც მას კონსტიტუციით ევალება ეფექტურად. მე მომწონს მისი მეთოდურობა, თუგინდ მისი ინერტულობაც კი, რაც ზოგჯერ წინააღმდეგობაში მოდის ქართულ ხასიათთან. აუცილებელია მართვაში, თუ არ გინდა შეცდომა დაუშვა, გაზომო ათჯერ, ასჯერ და მერე გაჭრა. და არა ის, რასაც მიგვაჩვია ერთმა კაცმა და სწრაფად მიდიოდა, ორ წელიწადში ასაშენებელს აშენებდა ორ თვეში, მერე ის ინგრეოდა და ფუჭდებოდა", - განაცხადა ექსპრემიერმა.

ყოფილმა პრემიერმა ნარმანიას ტემპის მომატებისკენ, საზოგადოებას კი მოთმინებისკენ მოუწოდა.

"რა თქმა უნდა, მანაც უნდა გაითვალისწინოს ქართული ხასიათი და თბილისური განსაკუთრებით. ის თბილისელი არ გახლავთ და ამაზე ზოგიერთი თბილისელი შფოთავს და ჰგონიათ, რომ ეს რაღაც მაღალი წოდებაა თბილისელობა და ამას ხაზს უსვამენ. რადგან ის თბილისელი არ არის, უჭირს მასთან შეგუება, მაგრამ არის ძალიან მეთოდური და არის ძალიან კარგი პროფესიონალი. რა თქმა უნდა, ნარმანიამაც უნდა გაითვალისწინოს და ტემპს მოუმატოს, მაგრამ ჩვენც შევეგუოთ, რომ ასეთი მეთოდურობა, რამდენჯერმე გაზომილი და მერე გაკეთებული გვერჩიოს იმ სისწრაფეს, რასაც ჩვენ მიგვაჩვიეს ხელოვნურად", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

კომენტარები