კრიზისი უკრაინაში

პოროშენკო: გვაქვს მტკიცებულება, რომ მარიუპოლის დაბომბვის უკან რუსეთი დგას

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"უკრაინას აქვს სარწმუნო მტკიცებულება, რომ 24 იანვარს მარიუპოლის დაბომბვის უკან რუსეთი დგას", - ამის შესახებ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

"უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოიპოვა სატელეფონო ჩანაწერები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ტერორისტების უკან რუსეთის ფედერაცია დგას", - თქვა პოროშენკომ. მისი თქმით, კრემლი მასობრივ შეტევას უკრაინელი ჯარისკაცების მისამართით 17 იანვარს გეგმავდა, თუმცა, მაშინ უკრაინის არმიამ შეძლო მათი ბლოკირება.

პოროშენკოს თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა პირი, რომელიც ტერორისტებს დასარტყამი წერტილების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. ის ახლა დაკითხვაზეა. პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინულმა არმიამ 700 ტერორისტი დახოცა და რვა გრადის ტიპის სატყორცნი გაანადგურა.

უკრაინის ლიდერი შეშფოთებულია იმის გამო, რომ პრორუსი ტერორისტები მოლაპარაკებებზე უარს ამბობენ. პოროშენკოს განცხადებით, თუ ისინი დაიცავდნენ მინსკის ხელშეკრულებას, ვოლნოვახასა და მარიუპოლის ტრაგედიები არ მოხდებოდა.

პოროშენკოს თქმით, "უკრაინა საკუთარ ქმედებებს უცხოელ პარტნიორებს უთანხმებს".

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ მარიუპოლის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია. მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. დაშავდა 102. უკრაინული მედიის ცნობით, დაიღუპა ერთი უკრაინელი ჯარისკაციც.

კომენტარები