დავოსის ეკონომიკური ფორუმი

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში სესიაზე სიტყვით გამოვიდა

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი დავოსში ვიზიტს განაგრძობს. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა სესიაზე "მოგზაურობა და ვაჭრობა მაღალი რისკების ეპოქაში". მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ღია საზღვრების პოლიტიკაზე გაამახვილა.

"დღევანდელ მსოფლიოში თავისუფალი და ღია საზღვრების პოლიტიკა, როგორც ასეთი, არის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის, მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის წინაპირობა. ღია საზღვრებს შეუძლია არსებითი სარგებლის მოტანა. ევროკავშირში ადამიანები მოგზაურობენ თავისუფლად, ასევე დაუბრკოლებლად ხდება პროდუქციის ტრანსპორტირება და მომსახურების მიწოდება. ვაჭრობის ლიბერალიზაცია და მსოფლიოს წამყვან ბაზრებში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით), საქართველომ გადადგა უდიდესი ნაბიჯი წინ. ეს ხელშეკრულება იძლევა ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებში სატარიფო და არასატარიფო დაბრკოლებების მოხსნის შესაძლებლობას. გარდა ამისა, ის არეგულირებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თავისუფალმა ვაჭრობამ მეზობლებსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან უკვე მოიტანა საგრძნობი პოზიტიური შედეგები. ამ ეტაპზე საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობა დაახლოებით ერთი მილიარდი მომხმარებლის ბაზართან ევრაზიის კონტინენტზე და მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა უზრუნველყოს ვიზების ლიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის სხვა წევრ ქვეყნებთან, ასევე აშშ-სა და კანადასთან.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრმა ყურადღება გაამახვილა ღია საზღვრების პოლიტიკის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ასევე ისაუბრა პარტნიორობის აუცილებლობაზე რისკების ერთად და კოორდინირებულად დასაძლევად.

საქართველოს პრემიერმინისტრი კიდევ ერთხელ გამოვიდა ინიციატივით, თბილისში მოეწყოს აბრეშუმის გზის ფორუმი, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია.

"ფორუმზე განხილული იქნება ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენასთან, ასევე თანამშრომლობის ოთხ სფეროში (ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და ადამიანებს შორის კონტაქტი) პარტნიორობის გაღრმავების სარგებელსა და პრაქტიკულ განხორციელებადობასთან დაკავშირებული საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის ფორუმი მოგვცემს დიდ პოტენციალს (სხვა საკითხებთან ერთად) ღია საზღვრების პოლიტიკის განმტკიცებისთვის. გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენ მხარს დაუჭერთ ამ ფორუმს და დაინტერესებას გამოთქვამთ მის მიმართ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები