იური ვაზაგაშვილის საქმე

ვაზაგაშვილის ადვოკატი: სავარაუდო ეჭვმიტანილთა წრე ცნობილია

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატის ირმა ჭკადუას თქმით, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას უკავშირდება. ჭკადუა ამბობს, რომ ამ საქმის გამოძიება ბოლო ორი თვის განმავლობაში გააქტიურდა და მის შედეგებს უახლოეს დღეებში ელოდნენ. ადვოკატის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის დახმარებით გამოძიებას ჩვენება ოთხმა მნიშვნელოვანმა მოწმემ მისცა, რომელთაც თავდაპირველი ვერსია შეცვალეს. ჭკადუას ვარაუდით, პროკურატურიდან სწორედ ამ ინფორმაციამ გაჟონა.

"საფრთხე იგრძნეს იმ ადამიანებმა, ვისაც ბრალი უნდა წარდგენოდათ. ბატონი იურის მკვლელობა ამ საქმეს ვერ შეაფერხებს და საქმე მივა ბოლომდე. სავარაუდო ეჭვმიტანილთა წრე არსებობს ნამდვილად. შემიძლია გითხრათ, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები არიან, თუმცა, კონკრეტულ გვარებს ვერ ვიტყვი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე", - თქვა ჭკადუამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მისთვის ცნობილია იმ მოწმის ვინაობა, ვიზეც იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე საუბრობდა. მისივე ინფორმაციით, ეს მოწმე პროკურატურამ უკვე დაკითხა. საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრები ამბობენ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს გამოძიების სწორი მმართულებით ჩატარებისთვის. ისინი ამ პროცესზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზეც საუბრობენ.

იური ვაზაგაშვილის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობას მონიტორინგს გაუწევს სახალხო დამცველი. ომბუდსმენი საქართველოს მთავარ პროკურატურას ეფექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს და სამართალდაცავ ორგანოებს ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების მოთხოვნითაც მიმართავს. იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე დღეს ოჯახის ადვოკატები საგამოძიებო ჯგუფის წევრებთან შუალედური ინფორმაციის მისაღებად შეხვედრას გეგმავენ.

კომენტარები