საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

კვიტაშვილი: მზად ვარ, უკრაინაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ვუმასპინძლო

online.tsu.edu.ge

ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით, ის მზად არის უკრაინაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლოს. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა გადაცემა არჩევანში აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის, თუ როდის იგეგმევა ვიზიტი და პროტოკოლით მიეცემა თუ არა მას საშუალება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდეს, თუმცა, ამაში ის პრობლემას ვერ ხედავს.

“მე არ ვიცი პროტოკოლით როგორ იქნება, ვინ ჩამოდის და ვინ დახვდება, თუმცა, არანაირი პრობლემა და კომპლექსი არ მაქვს, რომ ვინმეს დავხვდე და ხელი ჩამოვართვა, მით უმეტეს, საქართველოდან, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს”, - თქვა კვიტაშვილმა.

კვიტაშვილის თქმით, მას ჯერ არ ჰქონია ოფიციალური ურთიერთობა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან. მისივე თქმით, უკრაინელი ხალხი აფასებს ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც მათ საქართველომ გაუწია.

“ჩემი აქ დანიშვნის შემდეგ ჩვენ ოფიციალური ურთიერთობა არ გვქონია. თუმცა, ამ ურთიერთობის არანაირი პრობლემა არ არსებობს, ვინაიდან, ჯანდაცვა არის სფერო, რომელიც პოლიტიკის მიღმაა. უკრაინელი ხალხი ძალიან აფასებს არა მარტო იმას, რომ მე აქ ვმუშაობ და მათ ვეხმარები, არამედ იმ დახმარებასაც, რომელიც მან მიიღო საქართველოს ხელისუფლებისგან. ეს იყო ძალიან სწორი და გამართლებული ნაბიჯი”, - აღნიშნა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

კომენტარები