ენერგოდამოუკიდებლობა

სამინისტრო უარყოფს ენგურჰესის კუთვნილების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ენგურჰესის კუთვნილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან.

"კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე მოლაპარაკების დაწყებას ენგურჰესის კუთვნილებასთან დაკავშირებით. ენგურჰესი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე და ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს. “ჩერნომორენერგოს” გენერალური დირექტორის განცხადება აცდენილია რეალობას. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენ პასუხიმგებელნი ვართ საქართველოს ამ რეგიონის წინაშე. მიუხედავად კონფლიქტისა და არსებული პოლიტიკური სირთულეებისა, ენგურჰესი ისევე აწვდის ელექტროენერგიას აფხაზეთს, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა ნებისმიერ კუთხეს.

აღვნიშნავთ, რომ ენგურჰესის ოპერირებას ახორციელებდა და მომავალშიც განახორციელებს საქართველოს სახელმწიფო, ჩვენ ვუწევთ მონიტორინგს ჰესის სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს. ენგურჰესის ექსპლუატაციის სრულ ხარჯს ფარავს საქართველოს მთავრობა", - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში. 

"ჩერნომორენერგოს" გენერალურმა დირექტორმა ასლან ბასარიამ გუშინ, 15 იანვარს პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ ენგურჰესის სამართლებრივი კუთვნილების საკითხზე ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები დაწყებულია.

"დღეს სადგური არ ირიცხება რეესტრში რესპუბლიკის უნიტარული საწარმოს საკუთრებაში. დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავსვათ ის ბალანსზე, თუმცა ეს დიდ დროს წაიღებს. ენგურჰესი ევროპული დონის ობიექტია და მას მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ემსახურებიან.

ჩვენ ჩავატარებთ ინვენტარიზაციას, შევაფასებთ ობიექტს, დავსვამთ ბალანსზე, მაგრამ ამით რა შეიცვლება? არაფერი! ამიტომ, ამ საკითხის გადაწყვეტას კომპლექსურად უნდა მივუდგეთ, ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებით და ეს უკვე დაწყებულია. ჩემი პოზიცია და ქვეყნის ხელმძღვანელობის პოზიციაა - გადავწყვიტოთ ეს საკითხი ცივილიზებულად, პოლიტიკური რეალიებისგან დამოუკიდებლად. ჩვენ გვაქვს რიგი შეთავაზებებისა ქართული მხარისადმი და ეს საკითხები პოლიტიკის მიღმაა. ჩვენ ადეკვატურ პასუხს ვიმედოვნებთ", - განაცხადა ბასარიამ.

კომენტარები