ვილფრიდ ბონი

ბონის სანაცვლოდ მანჩესტერ სიტიმ სუონსის 25 მილიონი ფუნტი გადაუხადა

goal.com

კოტ-დ’ივუარელი ფორვარდი, ვილფრიდ ბონი ამიერიდან მანჩესტერ სიტის ღირსებას დაიცავს. ქალაქელებმა აფრიკელის სანაცვლოდ, მის ყოფილ კლუბ სუონსის 25 მილიონი ფუნტი გადაუხადეს (რასაც მომავალში შესაძლოა კიდევ 3 მილიონ ფუნტამდე დაემატოს), ინფორმაციას ამის შესახებ გარდიანი ავრცელებს.

ბონი ამჟამად სანაკრებო შეკრებაზე იმყოფება და აფრიკის თასისთვის ემზადება, თუმცა კონტრაქტის გაფორმების შესახებ ცნობა უკვე სამივე მხარემ დაადასტურა, ფეხბურთელმა კი ახალი კლუბის ვებგვერდს პირველი ინტერვიუც მისცა.

"შესანიშნავი გრძნობაა, აქ ყოფნა ჩემთვის ძალიან საამაყო და ამავდროულად დიდი გამოწვევაა. ფეხბურთელისთვის ყოველთვის კარგია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში მოხვედრა და ჩემთვისაც ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა. ნამდვილად ვამაყობ ამ ყველაფრით," - განაცხადა ვილფრიდ ბონიმ.

კოტ-დ’ივუარელმა სიტისთან კონტრაქტი ოთხწლინახევრით გააფორმა, ხელფასის სახით კი კვირაში 100 000 ფუნტს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ გარდიანის ინფორმაციით, ეს თანხა იმაზე ნაკლებია, ვიდრე თავად ფეხბურთელს სურდა და რომლის გადახდაზეც მანჩესტერული კლუბის მესვეურებმა უარი განაცხადეს. ამის მიუხედავად, მიღწეულია კომპრომისული ვარიანტი: ფიქსირებული მაღალი ხელფასის ნაცვლად, ბონი თითოეულ ჩატარებულ შეხვედრის შემდეგ, დამატებით 20 000 ფუნტს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ვილფრიდ ბონიმ სუონსის მაისურით, ინგლისის პრემიერლიგაში ყველაზე მეტი - 20 გოლის გატანა შეძლო. 

კომენტარები