Charlie Hebdo

გორდაძე: Charlie Hebdo გარანტია, რომ ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება

მნიშვნელოვანი საფრანგეთისთვის არ არის ის კონკრეტული იდეები, რომლებსაც Charlie Hebdo ატარებდა. ბევრისთვის ეს იდეები მიუღებელი იყო, იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ ძალიან ხისტი, ხშირად უზრდელური მანერა, გამოეხატათ თავიანთი აზრები. მინდა შეგახსენოთ, რომ Charlie Hebdo შეიქმნა 1969 წელს. მანამდე არსებობდა სატირული ჟურნალი რომელსაც ერქვა Hara-Kiri.  Hara-Kiri დაიხურა 1969 წელს, პრეზიდენტ პომპიდუს გადაწყვეტილებით, რადგან ჟურნალმა დასცინა შარლ დე გოლს მისი გარდაცვალების დღეს. მაგრამ, ერთი კვირის შემდეგ, გაჩნდა ახალი ჟურნალი, რომელსაც დაერქვა Charlie Hebdo, რადგან შარლი იყო დე გოლის სახელი. ახალმა ჟურნალმა კიდევ უფრო მეტად დაიწყო დე გოლის კრიტიკა და დაცინვა. მიხვდა საფრანგეთის ხელისუფლება, რომ მათი ხელმეორედ დახურვა სისულელე იყო და ჟურნალმა გააგრძელა არსებობა. ამ ჟურნალის არსებობა იყო იმის გარანტი საფრანგეთში, რომ ასეთი ჟურნალი შეიძლება არსებობდეს, რაც ბევრ ადამიანს იმ ფიქრის საბაბს აძლევდა, რომ საფრანგეთი არის ყველა მხრივ თავისუფალი ქვეყანა, სადაც ყველას, მათ შორის ადამიანებს, რომლებიც დასცინიან რელიგიას, აქვთ უფლება იარსებონ.

როდესაც Charlie Hebdo-ს ტრაგედია მოხდა, კათოლიკურმა ფილოსოფიურმა ჟურნალმა Etudes-მა, რომელსაც იეზუიტები გამოსცემენ, დაგმო Charlie Hebdo-ს ტრაგედია და გამოაქვეყნა Charlie Hebdo-ს კარიკატურები, რომლებშიც თავად კათოლიკური ეკლესიაა გაშარჟებული. მეორე შემთხვევა იყო, როდესაც ერთ-ერთმა ბლოგერმა ერთ-ერთი გარდაცვლილი პოლიციელის სახელით დაწერა - მე არ ვარ შარლი, მე ვარ აჰმედი; შარლი დასცინოდა ჩემს რელიგიას და მე მოვკვდი შარლის დასაცავად. ჩემთვის ეს ორი შემთხვევა იმის მაჩვენებელია, თუ რას ნიშნავს თავისუფალი საზოგადოება, სიტყვის თავისუფლება და რითი განსხვავდება საზოგადოება მოსახლეობისგან.

აღნიშნა საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი სკოლის მკვლევარმა თორნიკე გორდაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში, საფრანგეთიდან პირდაპირი ჩართვის დროს.

კომენტარები