საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი აშშ დოლარი 1,90 ლარი ღირს. ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი 2014 წლის ბიუჯეტის შესასრულებლად გაზრდილი ხარჯვა გახდა.
დეკემბერში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თქვა, რომ მან მთავრობისგან დაპირება მიიღო, რომ 2014 წლის ბიუჯეტის შესასრულებლად მთავრობა დეფიციტურ ხარჯვას არ დაიწყებდა. თუმცა ასე არ მოხდა და მთავრობამ ბიუჯეტის პარამეტრების შესასრულებლად გასული წლის ბოლო დღეებში ხარჯვა გაზარდა, რაც, ეკონომისტების შეფასებით, ლარის გაცვლით კურსზე დადებითად არ აისახებოდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, 2014 წლის ბიუჯეტი მთავრობამ მხოლოდ ქაღალდზე შეასრულა, რადგანაც დეკემბრის ბოლო ორ დღეში ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელ კომპანიებს სოლიდური ავანსები ჩაურიცხა, რეალურად კი აღნიშნული პროექტები ჯერ არ განხორციელებულა.





