იდენტობა

თავისუფალი თაობა: დავემორჩილეთ სულიერი მამის მოწოდებას და აქცია გადავდეთ

არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალმა თაობამ საპატრიარქოს მოწოდების გამო იდენტობის ოფისთან დაანონსებული აქცია გადადო. ამის შესახებ თავისუფალი თაობის ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა პორტალ კვირას პრესკლუბში განაცხადა. სადღობელაშვილის თქმით, დღეს დაგეგმილი აქციის მთავარი მიზანი იყო, რომ ირაკლი ვაჭარაძეს "პატრიარქის ეპისტოლის დამახინჯებისა და შეურაცხყოფის გამო" მართლმადიდებელი მოქალაქეებისთვის ბოდიში მოეხადა. 

"ირაკლი ვაჭარაძემ დაამახინჯა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე, შეურაცხყოფა მიაყენა მას და მართლმადიდებელ საზოგადოებას. ჩვენ დღეს ვგეგმავდით მისი ორგანიზაციის, იდენტობის ოფისთან აქცია გაგვემართა და მისგან ბოდიშის მოხდა მოგვეთხოვა. მაგრამ საპატრიაქომ გაავრცელა განცხადება და მოგვიწოდა, თავი შეგვეკავებინა აქციის გამართვისგან. საპატრიარქო საუბრობდა იმაზეც, რომ აქციაზე იგეგმებოდა გარკვეული პროვოკაციებიც, ამიტომ ჩვენ დავემორჩილეთ ჩვენი სულიერი მამის მოწოდებას და აქციას დღეს აღარ გავმართავთ“- განაცხადა სადღობელაშვილმა.

ცნობისთვის, იდენტობის დირექტორი ირაკლი ვაჭარაძე და ორგანიზაცია იდენტობა, რამდენიმე დღეა რელიგიური ექსტრემისტებისა და ნეოფაშისტური დაჯგუფებების სამიზნეა. ორგანიზაციის დირექტორს აყენებენ ვერბალურ შეურაცხყოფას და მოკვლით ემუქრებიან, ხოლო ორგანიზაციას – განადგურებით. ლგბტ უფლებადამცველმა ორგანიზაცია იდენტობამ შს სამინისტროს, ექსტრემისტული ძალების მიერ მათ ოფისთან დაანონსებული აქციების გამო, დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. იდენტობა შს სამინისტროსგან მოითხოვს, მიიღოს ყველა ზომა ორგანიზაციისა და მისი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იდენტობა აცხადებს, რომ ორგანიზაცია ექსტრემისტებისა და ნეოფაშისტური დაჯგუფებების სამიზნეა.

ორგანიზაცია თავისუფალი თაობა იდენტობის ოფისთან აქციას დღეს, 17:00-ზე გეგმავდა. ორგანიზაციის ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა facebook-ის გვერდზე მუქარის შემცველი განცხადებებიც გამოაქვეყნა: "ვაჭარაძეს მოვუწოდებ ბოდიში მოიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კარებზე მივუკაკუნებთ", "ჩათვალეთ იდენტობა არ არსებობს" - ამ სტატუსების ქვეშ ორგანიზაციის წინააღმდეგ ძალადობის მოწოდებები ისმის. 

სახელმწიფოსგან ორგანიზაცია იდენტობის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა მოითხოვეს  არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს სახალხო დამცველმა.

კომენტარები