იდენტობა

იდენტობა შსს-ს მოუწოდებს, მისი წევრები ნეოფაშისტების თავდასხმისგან დაიცვას

ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაცია იდენტობა შს სამინისტროს, ექსტრემისტული ძალების მიერ მათ ოფისთან დაანონსებული აქციების გამო, დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. იდენტობა შს სამინისტროსგან მოითხოვს, მიიღოს ყველა ზომა ორგანიზაციისა და მისი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იდენტობა აცხადებს, რომ ორგანიზაცია ექსტრემისტებისა და ნეოფაშისტური დაჯგუფებების სამიზნეა.

"იდენტობის" დირექტორი ირაკლი ვაჭარაძე და ორგანიზაცია "იდენტობა", მეორე დღეა რელიგიური ექსტრემისტებისა და ნეოფაშისტური დაჯგუფებების სამიზნეა. ორგანიზაციის დირექტორს აყენებენ ვერბალურ შეურაცხყოფას და მოკვლით ემუქრებიან, ხოლო ორგანიზაციას – განადგურებით.

კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორი ყოფილი პოლიტიკური პატიმარი ლადო სადღობელაშვილია, რომელიც ცნობილია ბრძოლის აგრესიული მეთოდებითა და ექსტრემისტული სულისკვეთებით. ლადო სადღობელაშვილმა, რამდენიმე წუთის წინ, "იდენტობის" ოფისთან ორგანიზაციის წინააღმდეგ აქცია დააანონსა.

ვინაიდან აქცია თავისი არსით სიძულვილზე დაფუძნებული და აგრესიულია, "იდენტობა" დარბევის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ამას ადასტურებს აქციის მონაწილეთა პირდაპირი მუქარაც", - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია თავისუფალმა თაობამ შაბათს იდენტობის ოფისთან აქცია დააანონსა. როგორც ორგანიზაციის წევრი ლადო სადღობელაშვილი facebook-ის პირად გვერდზე წერს, ისინი ორგანიზაციის ოფისთან ახლოს, რუსთაველის გამზირზე, შაბათს, 10 იანვარს 17 საათზე შეიკრიბებიან.

ლადო სადღობელაშვილმა facebook-ის გვერდზე მუქარის შემცველი განცხადებებიც გამოაქვეყნა: "ვაჭარაძეს მოვუწოდებ ბოდიში მოიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კარებზე მივუკაკუნებთ", "ჩათვალეთ იდენტობა არ არსებობს" - ამ სტატუსების ქვეშ ორგანიზაციის წინააღმდეგ ძალადობის მოწოდებები ისმის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, რომ სამართალდამცველები რეაგირებას მოახდენენ და ორგანიზაციის დირექტორს, ირაკლი ვაჭარაძეს გაესაუბრებიან.

კომენტარები