პარიზის ტერაქტი

საგარეო უწყება პარიზში მომხდარ ტერაქტზე შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარიზში, სატირულ ჟურნალ Charlie Hedbo-ს რედაქციაზე თავდასხმა პრესისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელებული ბარბაროსული აქტია. საგარეო უწყება თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და სოლიდარობას უცხადებს ​საფრანგეთის მთავრობასა და ხალხს. 

"საგარეო უწყება პარიზში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს. ეს ბარბაროსული აქტი, რომელიც პრესისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რადიკალური იდეოლოგიებიდან მომდინარე საფრთხეების სერიოზულობას და ტერორიზმის, როგორც ერთ-ერთი მთავარი გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

12 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა პარიზში, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე გუშინდელი თავდასხმის შედეგად.

შეიარაღებული თავდამსხმელები რედაქციის შენობაში შეიჭრნენ და იქ თანამშრომლების მისამართით ცეცხლი გახსნეს. რის შედეგადაც ჟურნალის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი დაიღუპა.

თვითმხილველების ცნობით, ტერორისტები ისლამისტური შინაარსის ლოზუნგებს ყვიროდნენ. აღსანიშნავია, რომ თავდასხმამდე, ჟურნალის ოფიციალური ტვიტერით ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაღდადის კარიკატურა გავრცელდა. თავდასხმა რედაქციაზე 2011 წელსაც მოხდა, როდესაც ჟურნალში წინასწარმეტყველ მუჰამედზე კარიკატურები დაიბეჭდა. მაშინ ოფისი დაარბიეს და დაწვეს.

კომენტარები