ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მუშაობას 2014 წლის განმავლობაში მისი თავმჯდომარე ეკა ბესელია პროგრესულად აფასებს. ბესელიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მუშაობის ანგარიში დღეს წარადგინა.
ერთ-ერთი მთავარ მიღწევად ბესელია ადამიანის უფლებათა დაცვის შვიდწლიანი ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას ასახელებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო საკანონმდებლო საქმიანობა და კომიტეტისადმი მიმართვიანობის გაზრდა. ეკა ბესელია მომავალი, 2015 წლის, ქალთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადების ინიციატივითაც გამოდის.
ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის საქმიანობას პასიურად მიიჩნევს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე. მისი თქმით, კომიტეტი მეტნაკლებად გახსნილია და თავის საქმიანობაში საზოგადოების წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვას ცდილობს, თუმცა, ის პროაქტიური არ არის და კრიტიკული საკითხების დროს სათანადო სიმაღლეზე არ დგას.





