თბილისში ღამის საათებში ფოიერვერკების გამოყენება იზღუდება. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის ბოლო სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. დღეს მერიაში 2014 წლის ბოლო შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. დედაქალაქის მერმა წინა წლის საქმიანობა შეაჯამა და მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა.
"გარდა სადღესასწაულო დღეებისა, ჩვენ მიერ დადგენილი წესის მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ღამის საათებში ფოიერვერკების გამოყენება იზღუდება, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია. მოვუწოდებ მოქალაქეებს, მოვუწოდებ თითოეულ ადამიანს, რომ დაიცვან ეს წესები. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა, არასასურველი შედეგი მოჰყვეს ფოიერვერკის გამოყენების წესების დარღვევას",-თქვა ნარმანიამ.
დავით ნარმანიამ მუნიციპალიტეტებში უკვე ჩატარებული ატესტაციისა და მიმდინარე კონკურსის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, კონკურსი შესაბამისი კანონის დაცვით მიმდინარეობს. მისივე თქმით, 2014 წლის ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხა სოციალურ და ჯანდაცვის სფეროებს მოხმარდება.





