ბლოგი

მათ არც ეუხერხულებათ და არც არაფერი, რომ...

"არც ეუხერხულება და არც არაფერი" - ფრაზა, რომელიც პრემიერმა ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის უზნეო მოქმედების ასახსნელად გამოიყენა, თანაბრად შეიძლება მიესადაგოს ივანიშვილის ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის ორწლიან საქმიანობას.

მათ არც ეუხერხულებათ და არც არაფერი, რომ საყდრისი ააფეთქეს, ხოლო ბერი კლდეების, დოღლაურის და დეფოფლის გორის არქეოლოგიური ძეგლები ბულდოზერებით გაანადგურეს.

მათ არც ეუხერხულებათ და არც არაფერი, რომ საქართველოს ბიუჯეტი მეორე წელია ირღვევა, ლარი უფასურდება და 2015 წელს რომ პენიას გაზრდიან, ნაკლები მსყიდველუნარიანობა ექნება, ვიდრე 2013 წლის პენსიას.

მათ არც ეუხერხულებათ და არც არაფერი, რომ რუსეთთან დალაგების პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა და ცოტა ხანში ანექსირებულ აფხაზეთთან ერთად, ანექსირებულ ცხინვალის რეგიონს მივიღებთ.

მათ არც ეუხერხულებათ და არც არაფერი, რომ რუსეთთან ცალმხრივი დათმობების პოლიტიკის მიუხედავად კრემლი დამატებით ტერიტორიებს გვტაცებს და მავთულხლართებს ავლებს.

მათ არც ეუხერხულებათ და არც არაფერი, რომ საქართველოს პროკურატურის რეფორმაზე 90-იანი წლების ვარსკვლავი, ანზორ ბალუაშვილი იმუშავებს.

მათ არც ეუხერხულებათ და არც არაფერი, რომ გაზრდილ კრიმინალს გაყალბებული სტატისტიკით ნიღბავენ.

მათ არც ეუხერხულებათ და არც არაფერი, რომ ციხეში შელახული ადამიანის უფლებების აღსადგენად მოსულნი, დასისხლიანებულ პატიმრებს ჯაჭვებით რადიატორებზე აბამენ.

მათ არც ეუხერხულებათ და არც არაფერი, რომ უკანონოდ კიდევ უფრო ინტენსიურად მოგვისმენენ.

მათ არც ეუხერხულებათ და არც არაფერი, რომ ასობით მილიონ ლარს საკუთარი თავისთვის გამოწერილ პრემიებზე, სახელფასო დანამატებზე, საჩუქრებსა და ვიზიტებზე ხარჯავენ, მაშინ, როდესაც სტუმრად მყოფ პრეზიდენტ იუშჩენკოს აბანოს ხარჯებს უთვლიდნენ.

მათ არც ეუხერხულებათ და არც არაფერი, რომ უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა რიცხვი დაახლოებით ერთნახევარჯერ გაიზარდა, ხოლო გადაუხდელობის გამო სტატუსს შეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა გასამმაგდა.

მათ არც ეუხერხულებათ და არც არაფერი, რომ საქართველოს დასავლელ მოკავშირეებს პოლიტიკური ოპონენტების მიერ მოსყიდულებად ნათლავენ, კარასინთან დიალოგს ვერ ელევიან და საკუთარი და ჩვენი თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინასთან ცივ ომში ჩაებნენ.

ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ აქ შევჩერდები და თეორემას სტუმრებს მივცემ შესაძლებლობას უპასუხონ კითხვას - როდემდე!

კომენტარები