ეროსი კიწმარიშვილის საქმე

ზურა კიწმარიშვილი არ გამორიცხავს, რომ ეროსი რუსთავი 2-ის გამო მოეკლათ

ზურა კიწმარიშვილი, ეროსი კიწმარიშვილის ძმა
ტაბულა

ზურა კიწმარიშვილი თვლის, რომ მისი ძმის, ეროსი კიწმარიშვილის მოკვლის მოტივი რუსთავი 2-ის საქმეში მისი აქტიურობა შეიძლება ყოფილიყო. მისი თქმით, ეროსი აპირებდა, ბოლომდე ებრძოლა საკუთარი ინტერესებისთვის.

“მე ვფიქრობ რომ ამ ვერსიას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება, რადგან იმ შემთხვევაში თუ ვინმე დააპირებდა რომ რუსთავი 2-ის მფლობელობა მისი სურვილისამებრ დაედგინა, ეროსი ნამდვილად იქნებოდა ამ პროცესის ხელისშემშლელი. ეს ორჯერ ორი ოთხია. ამაზე კამათიც არ ღირს. მე ვადასტურებ, რომ ის ნამდვილად აპირებდა, ასეთი გარემოებების შემთხვევაში, ბოლომდე ებრძოლა თავისი ინტერესების დასაცავად. ვფიქრობ, რომ გამოძიებამ უნდა იმუშაოს ამ ვერსიაზეც, თუმცა რას დაადგენს, ამ მხრივ ჩემი ოპტიმიზმი უკვე დაბალია”, - აღნიშნა ეროსი კიწმარიშვილის ძმამ გადაცემა თეორემაში.

ზურა კიწმარიშვილი თვლის, რომ მისი ძმა ნამდვილად იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი მოწმე რუსთავი 2-ის კანონიერი მეპატრონის დადგენის საქმეში.

“მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად იქნებოდა ეროსი ამ პროცესების ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი მოწმე. ეროსი იყო რუსთავი 2-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მფლობელი, დირექტორი, პრეზიდენტი. ის მართავდა კომპანიას მთელი ამ წლების განმავლობაში. ეროსის ჩართულობა ამ მოვლენებში იქნებოდა ძალიან აქტიური. ის არ აპირებდა, რომ მიწა გადაეყარა და ბუჩქებში დამალულიყო. ის აქტიურად წინა პლანზე იქნებოდა და შეეცდებოდა მისეული სიმართლის ჩვენებას, დადასტურებას და შემდგომ უკვე სასამართლო იმსჯელებდა ამ თემაზე”, - ამბობს ზურა კიწმარიშვილი.

რუსთავი 2-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ვაკეში, თავისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში 2014 წლის 15 ივლისს, ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. თუმცა, თვითმკვლელობას ოჯახი გამორიცხავს.

ეროსი კიწმარიშვილი ცხოვრების უკანასკნელ პერიოდშიც აქტიურად აკრიტიკებდა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას რუსთავი 2-ის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიაში ადანაშაულებდა. ის ასევე აცხადებდა, რომ რუსთავი 2-ის კანონიერი მფლობელის საქმე მის გარეშე ვერ გადაწყდებოდა.

კომენტარები