37 წლისთავი ილია მეორის აღსაყდრებიდან

პრემიერი პატრიარქზე: ბედნიერი ერი ვართ, რომ გვყავს ასეთი წინამძღვარი

ირაკლი ღარიბაშვილი და ილია მეორე
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღსაყდრებიდან 37 წლისთავი მიულოცა. მან პატრიარქს ქართველი ერის ნუგეში და სულიერი წინამძღვარი უწოდა.

"თქვენო უწმინდესობავ, მე მინდა, მთელი გულით და სულით, დიდი სიყვარულით მოგილოცოთ თქვენი აღსაყდრებიდან 37-ე წელი. ეს დღე ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ძვირფასი. ქართველმა ხალხმა ამ 37 წლის განმავლობაში ურთულესი განსაცდელები გამოიარა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ყოველთვის ასოცირდებით იმედთან და ნუგეშთან, ქართველი ერის, ჩვენი ხალხის. თქვენ ყოველთვის დგახართ და იდგებით ქართველი ერის გვერდით განსაცდელის ჟამს და ლხინის ჟამს.

ჩვენ მართ მართლაც ვართ მართლაც ბედნიერი ერი, ძვირფასებო, რომ გვყავს ასეთი სულიერი წინამძღვარი, როგორიც არის ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქი. მე პირადად, როგორც რიგით მოქალაქეს და ქრისტიანს ძალიან მახარებს, რომ პატრიარქო ყოველთვის გვაძლევს მაგალითს, კაცთმოყვარეობის, მიმტევებლობის, სიყვარულის, მამულიშვილობისა და პატრიოტობის მაგალითს.

მთავრობის და მხედრობის სახელით მინდა, კიდევ ერთხელ მთელი გულით მოგილოცოთ დღევანდელი დღე. გისურვებთ მხნეობა, დიდი ენერგია და დიდხანს სიცოცხლეს. მჯერა, რომ ქართველი ხალხი თქვენთან ერთად, თქვენი ლოცვა კურთხევით, აუცილებლად გამთლიანდება, ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება. ", - მიმართა პრემიერმინისტრმა პატრიარქს.

კომენტარები