ქართველი მებრძოლი უკრაინაში

სააკაშვილი: თავდაცვის სამინისტროს ბურჯანაძის თანაპარტიელები მართავენ

თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი ორის ეთერში უპასუხა. მისი თქმით, ის არ მოუწოდებს და არ მოუწოდებდა ქართველ ჯარისკაცებს საქართველოს დატოვებას და უკრაინაში ჩასვლას.

"მე არასდროს მომიწოდებია ქართველი ჯარისკაცებისათვის, დაეტოვებინათ საქართველო და შეიარაღებული ძალები და ჩამოსულიყვნენ უკრაინაში. სამწუხაროა ის, რაც თავდაცვის სამინისტროში ხდება.

იქ გრუს აგენტურა ჩასვეს და ისინი მართავენ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ სტრუქტურას. ახლა შემიძლია, ვთქვა, რომ რუსეთის მეხუთე კოლონის წარმომადგენლები და ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელები მართავენ თავდაცვის სამინისტროს.

მე არც მითქვამს და არც ვიტყვი, რომ ქართველი ოფიცრები წამოვიდნენ საქართველოს ჯარიდან. ამის შექმნაში ხომ მეც მიმიძღვის მონაწილეობა, რასაც დღეს ქართული ჯარი ჰქვია. ამავე დროს ზუსტად ვიცი, რატომ ჩამოდიან ქართველი ჯარისკაცები უკრაინაში და ძალიან ვამაყობ,"- აცხადებს სააკაშვილი.

მისივე განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს განცხადება კომენტარს არ საჭიროებს. "ეს ხალხი ან საერთოდ უსისხლოა ან მართლა გადაჯიშებულია ბოლომდე ან არეული აქვს რამსები იმიტომ, რომ რეალურად ეს ქართველი ოფიცრები სინდისს წმენდს დღევანდელ ხელისუფლებას," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები