თეორემა

ვოდევილი სახელად "ასოცირების შეთანხმება" და ევროპარლამენტის რეზოლუცია

ვოდევილი, რომლის ყურების პატივი საქართველოს მოსახლეობას უკვე ორი წელია ერგო, ევროპარლამენტში ინაცვლებდა, რომ არა პრეზიდენტ მარგველაშვილის კიდევ ერთი გამბედავი ნაბიჯი. საქართველოს ხელისუფლებამ, შეიტყო რა, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას ძებნილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც ესწრება, გამოგვიცხადა, რომ საქართველოს მთავრობიდან არავინ დაესწრება ამ პროცესს. წასასვლელად გამზადებული პარლამენტის თავმდჯომარეც ავად გაგვიხდა. უმრავლესობის წევრები ერთი დღის განმავლობაში გულმოდგინედ გვიმტკიცებდნენ, რომ რატიფიკაციაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა დასწრება საჭირო სულაც არაა. თუმცა ივანიშვილის დემარში პრეზიდენტმა ჩაშალა და დღეს ის, ევროპარლამენტის ლოჟიდან, მის წინამორბედთან ერთად მიესალმა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის დამტკიცებას.

ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის გარდა, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთის დეფაქტო ანექსიის ფორმალიზების მცდელობა. გარდა ამისა, ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანომ შეშფოთება გამოხატა, რომ ყოფილი ხელისუფლებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის მრავალი წევრი სისხლის სამართლის გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაშია.

ევროპარლამენტარებმა ხელისუფლებას მოუწოდეს გადადგან ნაბიჯები ეროვნული თანხმობის მისაღწევად და ამავდროულად წუხილი გამოთქვეს სასამართლო სისტემის პოლიტიკურ იარაღად ქცევის გამო.

დოკუმენტში აღნიშნულია ვარდების რევოლუციისა და 2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის ფაქტის განსაკუთრებული როლი საქართველოს წარმატებაში ევროინტეგრაციის გზაზე. "ხალხი, ვინც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ევროატლანტიკურ გზას, პოლიტიკური მოტივებით იდევნება. საქართველოში შერჩევითი სამართლის მზარდ ტენდენციას ვხედავთ. ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით" - განაცხადა ლიტველმა ევროპარლამენტარმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი კანდელაკის ჩართვა სკაიპით სტრასბურგიდან, და საქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელი, პაატა გაფრინდაშვილი თეორემაში. რასაკვირველია მონაწილეობა შევთავაზეთ ქართულ ოცნებას, რომელმაც ჩვენი შეთავაზება არ მიიღო.

კომენტარები