ხანუქას დღესასწაული

პრემიერმა და პრეზიდენტმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცეს

ხანუქა
itraveljerusalem.com

საქართველოს პრემიერმა და პრეზიდენტმა ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაული მიულოცეს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მთავარ სინაგოგაში ხანუქის პირველი სანთელი აანთო. მან ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა.

„გულითადად ვულოცავ ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაულს. ეს უძველესი დღესასწაული სინათლის სიბნელეზე გამარჯვების, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების სიმბოლოა. ქართველებსა და ებრაელებს აკავშირებთ განსაკუთრებული მეგობრობა. ეს არის მართლაც გამორჩეული ურთიერთიერთობა", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კი, ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული სპეციალური განცხადებით მიულოცა.

"ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს - გამარჯვების, კურთხევისა და განახლების ბრწყინვალე დღესასწაულს. ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, ებრაული თემის დაუღალავი გარჯა ჩვენი საერთო სამშობლოს აღმშენებლობისთვის საქართველოს ისტორიისა და საზოგადობრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვუერთდები თქვენს ზეიმს და გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას თქვენ და თქვენს ოჯახებს", - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

ხანუქას დღესასწაული გუშინ დაიწყო და რვა დღეს გაგრძელდება. ხანუქას სანთლებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 165 წელს, მაქაბელთა მიერ, ბერძნულ-სირიული ლაშქრის ტაძრიდან განდევნისა და მისი განახლების აღსანიშნავად ანთებენ. გადმოცემის თანახმად, ბრძოლის დასრულების შემდეგ ებრაელები ტაძარში მივიდნენ, ნახეს იქ მხოლოდ ერთი დღის სამყოფი ზეთი, რომლითაც მენორა, შვიდკანდელა უნდა დაენთოთ. ებრაელთა რწმენით, მოხდა სასწაული და მენორას ერთი დღის სამყოფი ზეთი, 8 დღის განმავლობაში ეყო.

ამ მოვლენის აღსანიშნავად, რვასანთლიან შანდალზე, ხანუქიაზე, ებრაელები თითო დღეს, თითო სანთელს ანთებენ. სასანთლეს 9 შტო აქვს, თუმცა მეცხრე სასანთლე დანარჩენი რვის "მსახურია".

კომენტარები