აშშ-ის კონგრესის რეზოლუცია

რეზოლუციაში მთავარი მოკავშირის სტატუსი საქართველოსთვის გათვალისწინებული აღარაა

უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერ აქტში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ამერიკის შეერთებული შტატების არა NATO-ს წევრი ქვეყნების მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭება გათვალისწინებული აღარ არის. დოკუმენტის სახეცვლილ ვარიანტს კონგრესმა 11 დეკემბერს უყარა კენჭი და ხელმოსაწერად პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაუგზავნა.

რეზოლუციის პროექტის ახალი ვერსია უკრაინისთვის ლეტალური სამხედრო დახმარების გაწევასა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაკისრებას გულისხმობს. ასევე სანქციების სიაში მოხვდება გაზპრომიც, თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ გაზპრომმა შეუმცირა ბუნებრივი აირის მიწოდება NATO-ს არაწევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას.

სახეცვლილ დოკუმენტში დარჩა ის პუნქტები, რომლებიც ენერგომომარაგების გასაუმჯობესებლად უკრაინის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს, ასევე უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლისთვის 10 მილიონი დოლარის გამოყოფას გულისხმობს.

კომენტარები