საჯარო ფინანსები

მთავრობა ბიუჯეტის მხოლოდ საგადასახადო ნაწილის შესრულებას გეგმავს

mof.gov.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2014 წლის ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილის შესრულების შესახებ გაავრცელა მონაცემები. დეკემბრის პირველი 15 დღის მონაცემებით, ბიუჯეტში გადასახადების სახით 407 მილიონი ლარია შესული. დეკემბრის თვეში გადასახადების მობილიზებით 15 დეკემბრის თარიღი გამოირჩა, როდესაც დღის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში 160 მილიონი ლარი შევიდა. 

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ბიუჯეტში საგადასახადო ნაწილის შესრულება სრულად მოხდება, რადგანაც წლის მანძილზე გადასახადების სახით უკვე მობილიზებულია 6,5 მილიარდი ლარი - რაც წლიური გეგმის ანუ 6,8 მილიარდის 95%-ს შეადგენს. ამასთან ერთად, ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილის შესრულება წლის მანძილზე გადაჭარბებითაც მოხდა, როდესაც წლის პირველი ცხრა თვის შესრულებით ბიუჯეტში მობილიზებული იყო 5,4 მილიარდი ლარი, რაც ბიუჯეტით დაგეგმილს 100 მილიონით აღემატებოდა. თუმცა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში პრობლემებია, რადგანაც არსებული თერთმეტი თვის შესრულებით 9 მილიარდის ნაცვლად ბიუჯეტში შესულია 7,7 მილიარდი ლარი - ეს იმას ნიშნავს, რომ დეკემბრში ბიუჯეტში 1,3 მილიარდი ლარი უნდა შევიდეს. 

სახელმწიფო ბიუჯეტის ათვისების ნაწილი წლის ბოლომდე სავარაუდოდ ვერ შესრულდება, რადგანაც გეგმით გათვალისწინებული 9 მილიარდის შესასრულებლად სახელმწიფომ დეკემბრის თვეში 1,4 მილიარდი ლარი უნდა დახარჯოს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა არ მოხდება, რათა ლარის შემდგომი გაუფასურება არ მოხდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ვერ შესრულდება. 

კომენტარები