ლაშა მახარაძის საქმე

ოქროპირიძე: თუ კრიმინალური წარსული მაქვს, ხმების შეგროვებას რატომ მთხოვდით?

შსს

"თუ კრიმინალური წარსული მაქვს, რას მოდიოდით და მეუბნებოდით, ხმები მოგვიგროვეო", - მიმართა ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ პროკურორს დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე. ოქროპირიძის განცხადებით, დანაშაული მას არ ჩაუდენია და საქმეში კიდევ ერთ ბრალდებულ ვლადიმერ ბერძენიშვილს მისი საწინააღმდეგო ჩვენება იძულებით დააწერინეს. ოქროპირიძის თქმით, "მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მახარაძე ალექსანდრე ჭიკაიძის ნათესავმა მოკლა", ბრალი მას წაუყენეს. ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

"ბათუმში ციხეში სასტიკად მეპყრობიან, რათა გამტეხონ, თუმცა მზად ვარ, სიმართლისთვის თავი შევაკლა. ვლოცულობ და ვვარჯიშობ, ძლიერი რომ ვარ, ეს მაძლებინებს, მე ვარ ტყვე. ლაშა მახარაძე როგორ უნდა მომეკლა, მისი ძმის საფლავს ვუვლიდი, ახლა პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რომ ძმათა შორის სიბინძურე დათესოს. გიორგი ანდრიაძე ვითომ ირიბი მოწმე რომ ჰყავთ და ბერძენიშვილი ვითომ პირდაპირი მოწმეა, მითვლიან, რომ ჩვენებები, რომელიც საქმეში დევს, მათი დაწერილი არ არის", - განაცხადა ოქროპირიძემ და აღნიშნა, რომ სახელს და გვარს ჯერ არ იტყვის, თუმცა მის წინააღმდეგ საქმე "პოლიციის მაღალჩინოსანმა შეკერა"

ბრალდებულის მტკიცებითვე, თენგო ერისთავს ნარკოტიკი მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის მიზნით ჩაუდეს.

"ხალხს დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ჩაუდეს, რომ ჩემზე ხელი დაედოთ, მაგრამ მადლობა ამ ადამიანს, რომ ეს არ გააკეთა. გარდა ამისა, ბერძენიშვილს დააწერინეს ჩვენება ან ხელი მოაწერინეს, ყველაზე საშინელი რაც არის, ძმათა შორის შუღლს აღვივებენ, ბერძენიშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარია, ერთ სახლში ვცხოვრობდით, ისევე როგორც გიორგი ანდრიაძე", - განაცხადა ოქროპირიძემ. 

ბრალდებულის ადვოკატმა ლევან ჯვახაძემ სასამართლოში პროცესის გადადების შესახებ შუამდგომლობა დააყენა. ამის მოტივად ადვოკატმა გიორგი ოქროპირიძის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული დასკვნის მომზადება დაასახელა და აღნიშნა, რომ სანამ დასკვნა არ იქნება, პროცესი არ უნდა გაგრძელდეს. პროცესის გადადებას შეეწინააღმდეგა პროკურორი. ადვოკატის შუამდგომლობა არც მოსამართლემ დააკმაყოფილა. 

ლაშა მახარაძე 2 სექტემბერს ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მოკლეს. სამართალდამცველებმა 1989 წელს დაბადებული, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი გიორგი ოქროპირიძე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები