საყდრისი-ყაჩაღიანი

კულტურის მინისტრი: უწმინდესს აუცილებლად გავაცნობ საყდრისის საქმის დეტალებს

primetimenews

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საყდრისთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის თავის ქმედებებზე პასუხისმგებლობას იღებს, ხოლო კათალიკოს-პატრიარქის მიერ საყდრისის აფეთქების დაგმობასთან დაკავშირებით, ის ილია მეორესთან შეხვედრას აპირებს. გიორგაძის თქმით, მისი ბრძანება, კანონის ნორმების სრული დაცვით გამოიცა.

"ჩემთვის უწმინდესის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მე პირადად მას აუცილებლად გავაცნობ ამ საქმის დეტალებს. ასევე იმას, თუ რის საფუძველზე მიიღო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ეს გადაწყვეტილება, ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, შემდეგ რის საფუძველზეც ჩემი ბრძანება გამოიცა.

მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება სააგენტომ კანონით გათვალისწინებული ყველა ნორმის სრული დაცვით და მის ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყდნობით და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

ეს დოკუმენტური მასალები გახლავთ ის გეოლოგიური დასკვნები, რომელიც გააჩნია საბჭოს. ეს საკითხი ასევე გატანილი იყო ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭოზე და იქ იყო განხილული.

არც რაიმე სახის პროტესტი, არც რაიმე სხვა ალტერნატივა შემოთავაზებული არ იყო და დასკვნით ნაწილში იმ წერილის, რომელიც სააგენტომ მიიღო საბჭო აფიქსირებს თავის პოზიციას. მე ვსაუბრობ იმ კომპეტენციის მატარებელ ორგანიზაციებსა და უწყებებზე, რომლებსაც ხელეწიფებათ ამ საკითხებზე მსჯელობა და მიღება გადაწყვეტილების, რის საფუძველზე როგორც მოგახსენეთ გამოიცა ჩემი ბრძანება. ადამიანი, რომელიც კულტურის მინისტრი და ხელმძღვანელია, ის თავის ქმედებებზე პასუხისმგებლობას იღებს", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში.

კომენტარები