საყდრისი-ყაჩაღიანი

კულტურის სამინისტრო: საყდრისში სამუშაოები საბჭოს დადგენილებით განახლდა

news.ge

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საყდრისში სამთო-მოპოვებითი სამუშაოები სპეციალური საბჭოს დასკვნის საფუძველზე განახლდა, რომლის მიხედვით, საყდრისს არ უნდა ჰქონდეს ძეგლის სტატუსი.

„სასამართლოს დადგენილებით საბჭოს უნდა დაედგინა უნდა ჰქონოდა თუ არა საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ექსპერტებმა იმსჯელეს და დაადგინეს, რომ საყდრისს არ უნდა ჰქონდეს ძეგლის სტატუსი. ამის საფუძველზე გამოიტანეს დასკვნა, რომ იქ შეიძლება უკვე გაგრძელდეს სამუშაოები,“ - აღნიშნა კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნატო კალმახელიძემ ტაბულასთან სატელეფონო საუბარში.

საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამუშაოების განახლების შესახებ ინფორმაცია კომპანია RMG-მ გაავრცელა. განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი იყო ის, რომ კანონის შესაბამისად არქეოლოგიურად სრულად შეისწავლეს ობიექტის ნაწილი. დარჩენილ ნაწილზე კი დამატებითი კვლევების ჩატარება შეუძლებელი იყო ობიექტზე არსებული ავარიული მდგომარეობისა და ნგრევის საფრთხის  გამო. RMG-ს ინფორმაციით ამას  შესაბამისი გეოლოგიური დასკვნა ადასტურებს.

ტაბულა დაუკავშირდა ირაკლი ლომიძეს, რომელიც საყდრისში სამუშაოების განახლებას შეესწრო. საყდრისის დამცველის ინფორმაციით, დილიდან უბანზე ორი აფეთქება მოხდა.

„დილიდან მოხდა ორი აფეთქება. პირველი დაახლოებით 8:30-ზე, მეორე საათნახევრის შემდეგ. მას შერმდეგ მიმდგრები არიან ბულდოზერები, ანგრევენ და შლიან. დილით წამიყვანეს, სანამ ააფეთქებდნენ. მითხრეს, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ევაკუაცია მოახდინეს. გვერდზე ბორცვის აფეთქებას აპირებდნენ. პირველ აფეთქებამდე წამიყვანეს, მეორე აფეთქებას კი ჩემი თვალით ვუყურე,“ - უთხრა ტაბულას ირაკლი ლომიძემ, რომელიც საყდრისის დაცვის მიზნით 244-ე დღეა ადგილზე იმყოფება.  

შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტრომ 11-კაციანი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საყდრისის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისს მოუხსნა. 2014 წლის 13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ კი ეს აქტი ბათილად ცნო. საყდრისის მაღარო წიაღისეულის სალიცენზიო ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელსაც კომპანია RMG Gold-ი ფლობს. კომპანიის მტკიცებით, მას ოქროს მოპოვებაში ხელი ეშლება. RMG Gold-მა 2013 წლის თებერვალში მაშინდელ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ საყდრისის მაღაროს არავითარი ღირებულება არ გააჩნდა. RMG GOLD-მა საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნა მოითხოვა. 

კომენტარები