საყდრისი-ყაჩაღიანი

კომპანია RMG-მ საყდრისზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა

news.ge

საყდრისზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია RMG ავრცელებს.

კომპანიის მიერ გავრცრლებულ განცხადებაზე დაყრდნობით, საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განახლდა.

განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი იყო ის, რომ კანონის შესაბამისად არქეოლოგიურად სრულად შეისწავლეს ობიექტის ნაწილი. დარჩენილ ნაწილზე კი დამატებითი კვლევების ჩატარება შეუძლებელი იყო ობიექტზე არსებული ავარიული მდგომარეობისა და ნგრევის საფრთხის  გამო. RMG-ს ინფორმაციით ამას  შესაბამისი გეოლოგიური დასკვნა ადასტურებს.

„ამასთანავე, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის შესაბამისად, ობიექტზე არ იყო მოსალოდნელი თვისობრივად ახალი არტეფაქტების აღმოჩენა,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

RMG-ს განცხადებაში ასევე ხაზია გასმული იმაზე, თუ რა ზარალი განიცადა კომპანიამ იმის გამო, რომ უბანზე სამუშაოებს ვერ ახორციელებდა. RMG-ს მიხედვით, მოცემულ სიტუაციაში, საქმიანობის დაწყების თითოეული დღით დაგვიანება დამატებით ათობით ათასი ლარის ზარალს აყენებდა კომპანიას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა პრიორიტეტია, რის გამოც გეგმავს ეროვნულ მუზეუმთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი არქეოლოგიური მუზეუმის აშენებას.

შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტრომ 11-კაციანი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საყდრისის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისს მოუხსნა. 2014 წლის 13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ კი ეს აქტი ბათილად ცნო. საყდრისის მაღარო წიაღისეულის სალიცენზიო ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელსაც კომპანია RMG Gold-ი ფლობს. კომპანიის მტკიცებით, მას ოქროს მოპოვებაში ხელი ეშლება. RMG Gold-მა 2013 წლის თებერვალში მაშინდელ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ საყდრისის მაღაროს არავითარი ღირებულება არ გააჩნდა. RMG GOLD-მა საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნა მოითხოვა. 

კომენტარები