Georgian Airways-ის აქცია

აირზენა მოსკოვის მიმართულებით ფრენებს ანახლებს, თუმცა, პროტესტს არ წყვეტს

Wikipedia.com

ავიკომპანია ჯორჯიან ეარვეისმა მოსკოვის მიმართულებით რეისები განაახლა და ის დაგეგმილ დროს - დილის 9 საათზე შესრულდა. ამის მიუხედავად, ავიაკომპანიის თანამშრომლები პროტესტს არ წყვეტენ. ისინი ხელისუფლებას სამდღიან ვადას აძლევენ, რათა რუსულ ავიკომპანიებსა და მათ მუშაობის თანაბარი პირობები ჰქონდეთ.

იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, აქციებს განაახლებენ და არ გამორიცხავენ, რომ შიმშილობა დაიწყონ. კომპანიის ხელმძღვანელობა ხელისუფლებისა და ეკონომიკის სამინისტროსგან მათ მიერ წარდგენილი რვა პუნქტის შესრულებას მოითხოვს:

"სასწრაფოდ გაუქმდეს რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილი 8 ივლისის ნოტა, რომლითაც რუსეთის ავიაკომპანიებს მიენიჭათ შეუზღუდავი უფლება თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებზე; რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლა აღდგეს იმ პირობებით, რაც იყო ფრენების შეწყვეტამდე 2006 წლის ნოემბრამდე; რუსეთთან მოლაპარაკებები ჩატარდეს საქართველოში და განიხილონ მომავალი წლის ზაფხულის პერიოდის ფრენების განრიგი და რუსეთის სხვა ქალაქებში ფრენების შესაძლებლობა; დაუყოვნებლივ მიღებული იქნას გადაწყვეტილება ავიაციის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსგან გამოყოფის შესახებ და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ უწყებად, როგორც ეს მიღებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, რადგან ეკონომიკის სამინისტრო გახდა თავკომბალა და ის რეალურად ვერ ახდენს იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც საავიაციო კომპანიებს აქვთ; სააგენტოდან გათავისუფლდეს წინა ხელისუფლების მიერ დანიშნული კადრები; სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დაკომპლექტდეს კვალიფიციური კადრებით; შეიცვალოს ის ნორმატიული აქტები, რაც მიღებული იქნა წინა ხელისუფლების მიერ და ეწინააღმდეგება ქართული ავიაკომპანიების ინტერესებს; სასწრაფოდ აღუდგეს ჯორჯიან ეარვეიზს ფლაგმანის სტატუსი, რომელიც უსაფუძვლოდ გააუქმა წინა ხელისუფლებამ".

ამ დრომდე მხოლოდ ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რომლის მიხედვითაც ქართული მხარე რუსეთის მიმართულებით კვირაში ათ რეისს, საქართველოში მომუშავე ორი რუსული ავიაკომპანია კი ხუთ-ხუთ რეისს შეასრულებს.

„თუ ჩვენ ორშაბათამდე ვერ დავინახავთ, რომ რაიმე სასიკეთო ძვრები დაიწყო, ერთობლივი ძალებით გავაგრძელებთ აქციებს. საგარეო საქმეთა სამინისტროდან ჩვენ ველოდებით, რომ ორშაბათს 21 საათამდე გაგზავნიან რუსეთის ფედერაციაში ნოტას, რომ მანამდე გაცემული შეუზღუდავი ფრენის ნებართვა შეეზღუდებათ და იქნება ათი ათზე“, - აცხადებს აირზენას მთავარი პილოტ-ინსტრუქტორი დავით მიკუჩაძე.

კომენტარები