შსს-ს რეფორმირება

თარგამაძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ისედაც გამოყოფილია შსს-დან

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე პრემიერმინისტრის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლოა უსაფრთხოების ბლოკი გამოეყოს და უსაფრთხოების სააგენტოდ ჩამოყალიბდეს, ფორმალურს უწოდებს. მისი თქმით, აღნიშნული სამსახური უკვე დიდი ხანია ემორჩილება არა პრემიერს, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შეიძლება ითქვას, უკვე გამოყოფილი არის კიდეც შსს-დან, ვინაიდან იქ ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა პირადი ფინანსისტი, ბატონი მჭედლიშვილი და ბუნებრივია ის არ დაემორჩილება არც შს მინისტრს და არც პრემიერმინისტრს, ის დაემორჩილება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. როგორც საგამოძიებო, ასევე სუფთა ოპერატიული დიდი ხანია უკვე ემორჩილება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო ფორმალიზება ხდება არსებული რეალობის", - განაცხადა თარგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრის ინიციატივის მიხედვით, შესაძლოა, უსაფრთხოების სააგენტოში სპეცსამსახურები შევიდნენ, პოლიცია კი ცალკე იყოს, თუმცა ცვლილებები ჯერ იდეის დონეზე განიხილება. ღარიბაშვილმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს, დავით სუჯაშვილს ამ საკითხებზე მსჯელობისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნაც დაავალა. პრემიერი ამბობს, რომ ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებასა და რეორგანიზაციას ისახავს მიზნად.

კომენტარები