Georgian Airways-ის აქცია

Georgian Airways თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სრული პარალიზებით იმუქრება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

კომპანია Georgian Airways ხვალ საღამოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სრული პარალიზებით იმუქრება.

კომპანიის გენერალური დირექტორის, იასე ზაუტაშვილის განცხადებით, ისინი შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ: სასწრაფოდ გაუქმდეს რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილი 8 ივლისის ნოტა, რომლითაც რუსეთის ავიაკომპანიებს მიენიჭათ შეუზღუდავი უფლება თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებზე; რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლა აღდგეს იმ პირობებით, რაც იყო ფრენების შეწყვეტამდე 2006 წლის ნოემბრამდე; რუსეთთან მოლაპარაკებები ჩატარდეს საქართველოში და განიხილონ მომავალი წლის ზაფხულის პერიოდის ფრენების განრიგი და რუსეთის სხვა ქალაქებში ფრენების შესაძლებლობა; დაუყოვნებლივ მიღებული იქნას გადაწყვეტილება ავიაციის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსგან გამოყოფის შესახებ და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ უწყებად, როგორც ეს მიღებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, რადგან ეკონომიკის სამინისტრო გახდა თავკომბალა და ის რეალურად ვერ ახდენს იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც საავიაციო კომპანიებს აქვთ; სააგენტოდან გათავისუფლებული იქნეს წინა ხელისუფლების მიერ დანიშნული კადრები; სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დაკომპლექტდეს კვალიფიციური კადრებით; შეიცვალოს ის ნორმატიული აქტები, რაც მიღებული იქნა წინა ხელისუფლების მიერ და ეწინააღმდეგება ქართული ავიაკომპანიების ინტერესებს; სასწრაფოდ აღუდგეს ჯორჯიან ეარვეიზს ფლაგმანის სტატუსი, რომელიც უსაფუძვლოდ გააუქმა წინა ხელისუფლებამ.

ზაუტაშვილის თქმით, აეროპორტი არის თურქული კომპანიის მფლობელობაში, საჰაერო ცა გადადის რუსული კომპანიების მფლობელობაში და რეალურად ქართულ საავიაციო კომპანიებს არავითარი ადგილი აღარ რჩებათ ქართულ საჰაერო სივრცეში. მისივე თქმით, დღეს ისინი მართავენ გამაფრთხილებენ აქციას, ხვალ კი აქციებს მთავრობის ადმინისტრაციასთან გააგრძელებენ.

საპროტესტო აქციას ქართული ტურისტული კომპანიებიც შეუერთდნენ.

ტურისტული კომპანია ოლ ტურსის დამფუძნებელის, მაია მჭედლიძის განცხადებით, ქართული ტურისტული კომპანიები მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან არ არსებობს რეგულაციები, რომლებიც უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან კონკურენციის გაწევის საშუალებას იძლევა.

"ჩვენ ჩარტერებს ვაკეთებთ აირზენას მეშვეობით, ანუ ჩვენ ერთმანეთზე დამოკიდებულები ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრობლემები, რომლებიც გამოიხატება იმაში, რომ უცხოური ტურისტული კომპანიები ქართული ტურისტული კომპანიების ჩაყლაპვას ცდილობენ. ეგვიპტური და თურქული ავიაკომპანიები საქართველოში შემოდიან დემპინგური ფასებით, ისინი ძალიან დაბლა წევენ ფასებს და იძულებულს გვხდიან ჩვენც ასე მოვიქცეთ, რაც ჩვენი რესურსიდან გამომდინარე, ქართულ ტურისტულ კომპანიებს ძალიან დიდი პრობლემას უქმნიან. მათი რესურსი კი ძალიან დიდია და ამის საშუალება აქვთ. ისინი ცდილობენ მსგავსი მეთოდებით ჩაგვყლაპონ და ქართულ ტურისტულ ბაზარზე მხოლოდ ისინი დამკვიდრდნენ. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ რეგულაციებს, რომ ყველა თანაბარ პირობებში ვიმყოფებოდეთ და პირველ რიგში უპირატესობა მიენიჭოთ ქართულ კომპანიებს. ეს მოთხოვნები, რა თქმა უნდა, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს", - განაცხადა მჭედლიძემ.

აქციაზე ასევე იმყოფებიან საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

კომენტარები