ხოფის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

ზურა ბალანჩივაძე / Zurriuss.ge

ბათუმში, ე. წ ხოფის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის გამო ერთი პირი დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველო გვიან ღამემდე კითხავდა ხუთ ადამიანს. საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ პიროტექნიკის მაღაზიის მეპატრონე მალხაზ თებიძე, მისი ძმა და მამა, შემდუღებელი ზურაბ ზაქარიაძე და მისი დამხმარე რუსლან ქოთელიძე. 

ადვოკატ რამინ პაპიძის თქმით, რუსლან ქოთელიძე დააკავეს, ხოლო სხვა პირები დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, მას არ მიეცა საშუალება, შეხვედროდა საქმის გამომძიებელს და გაცნობოდა მასალებს. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს. 

ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზრობაზე ხანძარი საახალწლო ფეიერვერკების მაღაზიას გაუჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი სხვა მაღაზიებზეც გადავიდა. ხანძრის შედეგად 50-მდე მაღაზია დაიწვა. ორი მოვაჭრე მიღებული ინტოქსიკაციით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.  

კომენტარები