საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

ხაინდრავა: კვიტაშვილმა ყველა მუნიციპალური აფთიაქი და საავადმყოფო შეისყიდა

ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ და კინორეჟისორმა ქეთი დოლიძემ კიევში პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად ალექსანდრე კვიტაშვილის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.

როგორც რუსული გამოცემა პრავდა ტელეკომპანია რაშა თუდეიზე დაყრდნობით იუწყება, ქეთი დოლიძემ აღნიშნა, რომ კვიტაშვილი „უნივერსიტეტის რექტორი იყო, მას ფილოლოგიური განათლება აქვს და არ გააჩნია სამედიცინო განათლება. მას ჯანდაცვასთან საერთო არაფერი აქვს".

გიორგი ხაინდრავამ კი კვიტაშვილი იმაში ამხილა, რომ მან აფთიაქები და საავადმყოფოები შეისყიდა და რეფორმები არ განუხორციელებია.

„მოქალაქე კვიტაშვილს საქართველოში მიჰყიდეს ყველა მუნიციპალური აფთიაქი, ცენტრი და საავადმყოფო. მისი რეფორმების პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მესამედი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა, მკურნალობის თანხები არ გააჩნდათ. რაც შეეხება კვიტაშვილის დროს განხორციელებულ რეფორმებს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა რეფორმებზეა საუბარი. დაასახელოს თუნსაც ერთი რეფორმა, რაც საქართველოში განახორციელა, რომლის შედეგად მივიღეთ არა სტატისტიკის ციფრები ქაღალდზე, არამედ კონკრეტული შედეგები მოქალაქეებისთვის", - განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.

კომენტარები