The Economist ქართულ ოცნებაზე

The Economist: ივანიშვილმა გაუმჭვირვალე, ჩრდილოვანი სახელმწიფო შექმნა

უმდიდრესი ქართველის ბიძინა ივანიშვილის კოალიციის, ქართული ოცნების მთავრობაში მოსვლიდან ორი წლის შემდეგ, ქვეყნის პოლიტიკა არაკომპეტენტურობისა და შურისძიების მავნე ნაზავია, - ნათქვამია The Economist-ის სტატიაში, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხება.

The Economist-ის სტატიაში, "გადავადებული ოცნებები", ვკითხულობთ, რომ საქართველოს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ბევრი ნაკლი ჰქონდა, მაგრამ მისი ხელისუფლების პირველ წლებში ქვეყანა იდეებით, პროექტებითა და რეფორმებით იყო აქტიური. დღევანდელი საქართველო კი უმოქმედო და დაბნეული ქვეყანაა, რომელსაც მიმართულებაც კი არ აქვს.

სტატიაში წერია, რომ ივანიშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გუნდს გაუმჭვირვალობის გამო თავს ესხმოდა, თვითონ კიდევ უფრო მეტად გაუმჭვირვალე - ერთგვარი ჩრდილოვანი სახელმწიფო შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ოფიციალური თანამდებობა, ის კვლავ რჩება გადაწყვეტილებების მიმღებ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად, რომელიც პერიოდულად ეშვება ხოლმე საკუთარი რეზიდენციიდან, რათა პოლიტიკური ნება აისრულოს.

სტატიაში საუბარია ალასანიას გადაყენებაზეც და აღნიშნულია, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ალასანიას გადაყენებამ კრემლი გაახარა.

„ალასანიას სახალხო გადაყენებამ კრემლი ასიამოვნა, ისინი მას, როგორც ამერიკის აგენტს, ისე უყურებდნენ. ივანიშვილი გამოვიდა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილების უკან თავად ის იდგა. ამბობენ, ბატონ ივანიშვილს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და იქიდან ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მისვლის შემდეგ წავიდა, რუსეთის ლიდერის ეშინია. როგორც ჩანს, ის წელავს დროს იმ იმედით, რომ რუსეთი რაიმე შეთანხმებას მიაღწევს ამერიკასთან, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მომავალ პოზიციას“, - წერია სტატიაში.

სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილსა და პუტინს წინა ხელისუფლების ზიზღი აერთიანებთ.

„სააკაშვილი ქვეყანაში დაპატიმრების შიშით ვერ ბრუნდება. ყოფილი შსს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ციხეშია. კახა ბენდუქიძე, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის ლიბერალიზაციისთვის ყველაზე მეტი გააკეთა, ლონდონში გარდაიცვალა, რადგან ჩამოსვლის ეშინოდა. ეს სია გრძელია. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო ავტორიტარული რეჟიმისკენ მიდის. ქვეყანაში თავისუფალი მედია და ძლიერი პოლიტიკური ოპოზიციაა - ის რისი ნაკლებობაც სააკაშვილის დროს იყო. როგორც კახა ბენდუქიძე ხშირად იტყოდა: „საქართველომ დემოკრატიის კუთხით წინ გადადგა ნაბიჯი, მაგრამ ხანდახან როცა ნაბიჯს წინ დგამ ნეხვში აბიჯებ“, - წერია სტატიაში.

როგორც ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, ამ დრომდე, ნაცვლად რეფორმებისა, საქართველოს ახალი მთავრობა, როგორც ჩანს, საპირისპირო მიმართულებით მიდის და მიხეილ სააკაშვილის ბევრ შეცდომას იმეორებს. ახალმა ხელისუფლებამ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის დროის უაზრო აკრძალვები შემოიღო და უცხოელებზე მიწების გაყიდვა აკრძალა.

"სამართლიანად აკრიტიკებდა რა მიხეილ სააკაშვილის მთავრობას გადამეტებული სამართლებრივი დევნისა და მკაცრი პოლიტიკისთვის, როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლება თავადაც ეწევა პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების განმტკიცებას. ცოტა ხნის წინ ბატონმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ძლიერი უსაფრთხოების სამსახურები ქვეყნის წარმატების, პროგრესისა და განვითარების საწინდარია. პარლამენტმა კი მიიღო კანონი, რომელიც შსს-ს მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენის უფლებას უტოვებს", - ნათქვამია სტატიაში.

 

კომენტარები