კონგრესის რეზოლუცია რუსეთზე

კონგრესის რეზოლუცია: მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოდან

აშშ-ის კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, სადაც დაგმო რუსეთის ქმედებები და აგრესიული პოლიტიკა მეზობელი ქვეყნების, მათ შორის - საქართველოს მიმართ.

411 ხმით 10-ის წინააღმდეგ კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, სადაც წერია, რომ პუტინის მმართველობისას რუსეთის პოლიტიკა მეზობლების მიმართ აგრესიულია და ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ დომინაციას ემსახურება.

აშშ-ის კონგრესი მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს ყირიმის უკანონო ანექსია, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს, უკრიანისა და მოლდოვის ტერიტორიებიდან და შეწყვიტოს სეპარატისტების პოლიტიკური, სამხედრო-ეკონომიკური მხარდაჭერა.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ კონგრესი გმობს რუსეთის ფედერაციის მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო აგრესიას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ და ამ ქვეყნების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.

კონგრესი ასევე მოუწოდებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დაეხმაროს უკრაინას თავდაცვითი აღჭურვილობებით, ამასთან, NATO-ს მოკავშირეებმა და აშშ-ის პარტნიორებმა შეწყვიტონ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა.

კონგრესი რეზოლუციით მოუწოდებს პრეზიდენტს რუსეთის ფედერაციისა და მისი მმართველების აქტივების გაყინვისკენ, მათ წინააღმდეგ სანქციების შემოღებისაკენ, რათა აიძულოს რუსეთი შეწყვიტოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

კომენტარები