პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობა

საქართველოს პრეზიდენტი პოლონელ კოლეგას შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პოლონელ კოლეგას ბრონისლავ კომოროვსკის პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით სამუშაო სადილის ფორმატით გაიმართა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის მთავარი თემა აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება იყო.

"პოლონურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. გიორგი მარგველაშვილმა პოლონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრების პროცესსა და პოლონეთის როლს ამ მიმართულებით. გიორგი მარგველაშვილმა და ბრონისლავ კომოროვსკიმ ქართულ-პოლონური ურთიერთობის ასპექტებიც განიხილეს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ბრონისლავ კომოროვსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი ყოველთვის მხარში ედგა საქართველოს და კვლავაც მისი მტკიცე მხარდამჭერი იქნება.

"კომოროვსკის განცხადებით, ორი ქვეყნის უშიშროების საბჭოებს შორის დღეს გაფორმებული დოკუმენტი საქართველოსა და პოლონეთის უწყებებს შორის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია და პოლონეთი მზად არის, ჩვენს ქვეყანას საკუთარი გამოცდილება ნებისმიერ სფეროში გაუზიაროს. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, საქართველოსა და პოლონეთის, მათ შორის, ამ ქვეყნების პირველი პირების მეგობრობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ თანამშრომლობის გაღრმავებას. პოლონური მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი, ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა მდივანი, საგარეო საქმეთა საკითხებში პოლონეთის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. საქართველოს კი შეხვედრაზე წარმოადგენდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები საგარეო და ეკონომიკურ საკითხებში", - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კომენტარები