NATO-საქართველოს ურთიერთობა

თამარ ბერუჩაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალიანსის გენერალურ მდივანს შეხვდა. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია, საქართველოში NATO-ს საწვრთნელი ბაზის გახსნა და რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული შეთანხმება იყო.

მანამდე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ შეთანხმებას NATO და NATO-ს მოკავშირეები არ აღიარებენ.

"ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლომთ საქართველოსთან, იორდანიასთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან. ჩვენ იქ გავაგზავნით ექსპერტებს, რომლებიც რჩევებს მისცემენ სამხედრო წვრთნებისა და თავდაცვის რეფორმების საკითხებში. ასევე NATO-ს ტრენერები საქართველოში NATO-ს საწვრთნელი ბაზის შექმნაში მიიღებენ მონაწილეობას. ეს გადაწყვეტილება სუვერენულმა საქართველომ მიიღო და არცერთ მესამე სახელმწიფოს არ აქვს ამ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება. NATO და NATO-ს მოკავშირეები არ აღიარებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ისინი საქართველოს ნაწილია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. დღესვე ალიანსის გენერალური მდივანი ევროსაბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდება.

კომენტარები