ფოკუსი

2 დეკემბერი,2014

- უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. მის გარდა, მოქალაქეობა მიიღეს ნატალია იარესკომ და აივარას აბრამოვიჩუმა. მოქალაქეობა მათ მთავრობის კაბინეტში პოსტების დასაკავებლად სჭირდებათ.არასასიამოვნო და უხერხული - ასე აფასებენ საქართველოს მთავრობის წევრები ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების უკრაინაში თანამდებობებზე სავარაუდო დანიშვნას.

- საქართველო კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატს განაგრძობს. ეს გაცნხადება პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე გააკეთა. მისი თქმით, რუსეთთან კომუნიკაციის არხი შენარჩუნდება, თუმცა მომდევნო შეხვედრა ამ ეტაპზე დანიშნული არ არის.

- ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების სესია მიმდინარეობს. როგორც სესიის დაწყების წინ ნატოს გენერალურმა მდივანა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, საქართველოს, იორდანიასა და მოლდოვასთვის უელსში შეთავაზებული არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების რეალურად განხორციელების დრო დადგა.

- საქართველოს ეკონომიკური ზრდა ოქტომბრის მონაცემებით სამნახევარ პროცენტამდე შემცირდა, რაც გასული თვეების მაჩვენებელთან შედარებით საშუალოდ ერთნახევარი პროცენტით ნაკლებია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ ეკონომიკური ზრდის ეს ტემპი საკმარისი არ არის.

- დღეს პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერმინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიაში მნიშნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. უმრავლესობის დეპუტატები კი პრეზიდენტისათვის ვეტოს უფლების შეზღუდვაზე საუბრობენ. გია ვოლსკი ამბობს, რომ ვეტოს გამოყენების საფუძვლების მკაცრი ფორმულირება უნდა მოხდეს.

- სამხრეთ ნაკადის გაზსადენი არ აშენდება. ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა პირველ დეკემბერს თურქეთის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა.
პუტინის თქმით ამის მიზეზი, პროექტისადმი ევროკომისიის არაკონსტრუქციული პოზიცია, ასევე ბულგარეთის მიერ გაზსადენის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში დაშვებაზე უარის თქმა გახდა. პუტინმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთი თავისი გაზის ნაკადებს მსოფლიოს სხვა რეგიონებზე მიმართავს და აითვისებს სხვა ბაზრებს, რომელთა მოცულობას ევროპა ვერ მიიღებს.

კომენტარები