- საქართველოს პრემიერი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს - თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ქართული მხარე ამ საკითხზე მუშაობს. ირაკლი ღარიბაშვილისთვის ეს პრემიერის რანგში კიევში პირველი ვიზიტი იქნება - მთავრობის მეთაურს გასული წლის მანძილზე ხშირად აკრიტიკებდნენ უკრაინაში ჩაუსვლელობის გამო, ბევრი ფიქრობდა, რომ მაედნის მოვლენების ფონზე, ეს საქართველოს მხრიდან კარგი და აუცილებელი პოლიტიკური ჟესტი იქნებოდა.
- უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი ახალ მთავრობაში ვიცე პრემიერის პოსტს დაიკავებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა ნეგატიური ფონი შექმნას ქართული დელეგაციის სტუმრობამდე. სააკაშვილის გარდა, უკრაინის მთავრობაში საქართველოს ყოფილი მთავრობის რამდენიმე წევრს მოიაზრებენ, მათ შორის იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს ეკა ზღულაძეს.
- უმრავლესობის ცალკეულმა დეპუტატებმა პრეზიდენტისთვის ვეტოს გამოყენების უფლების შეზღუდვაზე საუბარი დაიწყეს - ეს მას შემდეგ რაც გიორგი მარგველაშვილმა უკვე მეორედ ერთი და იგივე კანონზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და პარლამენტს კანონპროექტი ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.
- პრეზიდენტს ვეტოს უფლება კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, კონსტიტუციის ცვლილებას კი 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
- სახალხო დამცველი ამბობს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმის გამოძიება დარღვევებით მიმდინარეობს. უჩა ნანუაშვილის ოფისმა დღეს სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა - დოკუმენტში ნათქვამია, რომ წინა ხელისუფლებამ ფაქტები გააყალბა, გარდაცვლილთა რაოდენობა დამალა და საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდა ლოპოტას ხეობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
- ნატო არ აღიარებს აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, შესაბამისად არ ცნობს მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნმა კიდევ ერთხელ ისაუბრა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში არსებულ ვითარებასა და ალიანსის გაფართოებაზეც ისაუბრა.
- დღეს ერთი დოლარი 1,84 ლარი ღირს. ლარის გაცვლითი კურსი გასული ორი კვირის მანძილზე ცხრა თეთრით გაუარესდა და ოთხი წლის მინიმალურ მაჩვენებელზე დავიდა. ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ქართულ ლარზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს და არსებული მონაცემები პანიკის საფუძველს არ იძლევა.




