საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

უმაღლეს რადას ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ალექსანდრე კვიტაშვილი წარუდგინეს

online.tsu.edu.ge

ფრაქცია პეტრო პოროშენკოს ბლოკმა უმაღლეს რადას უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

აღნიშნული წყაროს მიხედვით, კვიტაშვილის გარდა უმაღლეს რადას მინისტრების პოსტზე კიდევ ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე წარუდგინეს. უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, შესაძლოა, ლიტველი აივარას აბრომავიჩი გახდეს, ფინანსთა მინისტრის პოსტი კი შეერთებული შტატების მოქალაქე ნატალია იარესკომ დაიკავოს.

ხმის მიცემა მთავრობის შემადგენლობის დასანიშნად უმაღლეს რადაში 2 დეკემბერს გაიმართება.

უკრაინული მედია საქართველოს ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა მაღალჩინოსნის მაღალ თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნის შესახებ უკვე რამდენიმე კვირის მანძილზე იუწყება.

უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტო KyivPost-მა დღეს ინფორმაცია გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნის შესახებ, თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ მან უარი თქვა შეთავაზებაზე.

წინა კვირას გავრცელებული ცნობის მიხედვით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე, შესაძლოა,საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დაინიშნოს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმავე პოსტზე ეკა ზღულაძის კანდიდატურის განხილვის შესახებ, რაც დღეს მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის დღევანდელი კანონმდებლობით მაღალ თანამდებობაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის დანიშვნა არ შეიძლება. ქვეყანაში არც ორმაგი მოქალაქეობაა დაშვებული. თუმცა, ინიციატივა საკანომდებლოცვლილების შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინის მთავრობას, უცხო ქვეყნის მოქალაქეები მაღალ თანამდებობებზე დანიშნოს, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 27 ნოემბერს, ახლადარჩეული რადას პირველ სხდომაზე გაახმაურა.

კომენტარები